დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
,,სასწავლო წელი დაიწყოს 1-ლ სექტემბერს, სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ'' - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ სასწავლო წელი დაიწყოს 1-ლ სექტემბერს, სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ:
,,მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს!
1. 2020-2021 სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაიწყოს 2020 წლის 1-ელ სექტემბერს;
2. თუ მოხდა კოვიდ ვირუსის გავრცელება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავად მიიღონ გადაწყვეტილება რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას:
ა) სრულად დისტანციურ რეჟიმში;
ბ) შერეულ რეჟიმში: ნაწილი დისციპლინები დისტანციურად და ნაწილი ჩვეულებრივ. ამ გეგმის ეფექტურად განსახორციელებლად შესაძლებელია კლასების გაყოფა და მოსწავლეების დღეგამოშვებით დაბარება, სმენებში გადანაწილება და ა.შ. სკოლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მათთვის კომფორტული სქემის შედგენა.
გ) გააგრძელებენ სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით,'' - აღნიშნულია საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის მიმართვაში.