პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
5 სკოლის მასწავლებლებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ტრენინგს უტარებს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებზე სკოლის მასწავლებლების გადამზადებას ახორციელებენ, - ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრენინგი იმ საპილოტე სკოლებში ტარდება, სადაც მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გრძელვადიანი პროექტი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გადამზადებას თბილისის 48-ე, 138-ე, 85-ე, 162-ე და ბათუმის მე-8 საჯარო სკოლების პედაგოგები გადიან.
„სკოლის მასწავლებლების გადამზადება ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP Unplugged Program) გამოყენებით მიმდინარეობს. მეთოდი, სახელწოდებით - „ცოცხალი შესრულებით“ წარმოადგენს 12-13 წლის მოზარდებისთვის, სკოლის ფარგლებში განსახორციელებლად განკუთვნილ, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამას და ეფუძნება კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს. ეს სრულიად ახალი მეთოდია ამ მიმართულებით, რომელიც ევროკავშირის 15 ქვეყანაში ერთდროულად, წარმატებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.