Baby Bag

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-სა და „პირველი არხი – განათლების“ მხარდაჭერით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის ამოქმედებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ამ მიზნით საგანმანათლებლო რესურსები ორი მიმართულებით შეიქმნება.

ზოგადი განათლების – „iსკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისათვის შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე https://www.el.ge/. მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შესრულება. ონლაინ პლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის/საგნობრივ ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც.

რაც შეეხება პროექტის მეორე – სკოლამდელი განათლების კომპონენტს, ის გულისხმობს რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების სატელევიზიო ფორმატში შეთავაზებას სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის, რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. ასევე, დისტანციური სწავლების პროცესის მართვის მხარდაჭერის მიზნით სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეიქმნება დისტანციური სწავლების გზამკვლევები.

მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ მოაწერეს.

რამდენიმე ხერხი საშინაო დავალების შესწორებისათვის
რამდენიმე ხერხი საშინაო დავალების შესწორებისათვის. ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!

შეიძლება დაინტერესდეთ

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, როგორ უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის დროს

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, როგორ უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის დროს

​საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ. დადგენილება N205 საკანონმდებლო მაცნეში, დღეს 31 მარტს გამოქვეყნდა და მას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.

„საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესი განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის – განათლების მიერ შექმნილი „ტელესკოლის“ (შემდგომში – „ტელესკოლა“), დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით.

2. თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან/და ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, დამრიგებელი, საგნის მასწავლებელი ვალდებულნი არიან, მოსწავლეს/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ ინფორმაცია „ტელესკოლის“, ასევე ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციას. მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან.
5. სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, სისტემატური კომუნიკაციის ფარგლებში, რეკომენდაცია გაუწიონ სახლის პირობებში მეცადინეობის, საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსების გამოყენების შესახებ და მიიღონ უკუკავშირი.
6. სამინისტროს სისტემაში არსებული რესურსსკოლები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახორციელებენ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს, ვალდებულნი არიან, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისცენ სახლის პირობებში მოსწავლესთან მუშაობის რეკომენდაციები და მიიღონ უკუკავშირი.
7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული ექიმი/ექთანი, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რეგულარულად უზრუნველყოფს კომუნიკაციას დამრიგებლებთან. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდება მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს მკურნალობის პროცესის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობს მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან მოსწავლის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართებაზე და ამის შესახებ აცნობებს სკოლის დირექტორს,“ - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
იხილეთ მთავრობის ​​დადგენილება სრულად 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

წაიკითხეთ სრულად