Baby Bag

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვს უთხრეს, ტორტი არ გეკუთვნის, ფული არ დაგიდიაო - კლასის დამრიგებელს სახდელი დაეკისრა

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვს უთხრეს, ტორტი არ გეკუთვნის, ფული არ დაგიდიაო - კლასის დამრიგებელს სახდელი დაეკისრა

​არასამთავრობო ორგანიზაციის, „პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, დამრიგებლის საჩუქრის გამო დაწყებული კონფლიქტი, მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებით დასრულდა.

გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად:

„თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა ჩვენს ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების მიზნით მომართა. მშობლის განმარტებით, კლასის სხვა მშობლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დამრიგებლის საჩუქრისთვის გამიზნული თანხის დადებაზე უარი განაცხადა და თანხის ნაწილი მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომლითაც მშობლები ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გამასპინძლებოდნენ. ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვს უთხრა, რომ მას წესით ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ.

აღნიშნულის შემდეგ, ბავშვი ატირებული გაიქცა ეზოში, სადაც დედა ელოდებოდა. დედამ ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა. ამ და სხვა შეუსაბამო ფაქტებთან დაკავშირებით მშობელი მუდმივად აყენებდა საქმის კურსში დამრიგებელს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია და ბავშვის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია. მომხდარის შემდეგ, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა დაწერა განცხადება მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით, რის შესახებაც ინფორმაციას არა თუ ფლობდა დამრიგებელიც, ახალისებდა მშობლების დამოკიდებულებებს, რამაც უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს შორის დასვენებებზე კლასს არ ტოვებდნენ, რაც იყო დამრიგებლის კატეგორიული მოთხოვნა.

PHR-ის იურისტების დახმარებით, მშობელმა მიმართა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს კლასის დამრიგებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით. დისციპლინური კომიტეტის სხდომები მიმდინარეობდა დაძაბულ რეჟიმში, მშობლებისა და დამრიგებლის მწვავე განცხადებების ფონზე. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დამრიგებელს არ დაეკისრა დისციპლინური სახდელი, რის შემდეგაც PHR-მა აღნიშნული გადაწყვეტილება, სკოლის შინაგანაწესის დაცვის შესაბამისად, სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭოს მიერ საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, საბჭომ დაადგინა მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი, რის შედეგადაც დამრიგებელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი – შენიშვნის სახით“, - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს” - „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური მენეჯერი

,,თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს” -  „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური მენეჯერი

,,თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ ​„კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია სასწავლო პროცესის დასაწყებად აუცილებელი პირობაა.

„ხვალ-ზეგ სწავლა იწყება. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება და ის საკლასო ოთახში შევა, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის არის სოციალურად საშიში ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ვიცით, რომ „დელტა“ ვირუსი ერთერთი ისეთი ვირუსია, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას იწვევს.

ვაქცინაცია სასწავლო პროცესის დასაწყებად აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია: იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის თუ უნივერსიტეტების პედაგოგი, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. ვთვლი, რომ მთელი „სტაფი“ უნდა იყოს აცრილი, აქ შედის ტექნიკური პერსონალი, დარაჯი და ა.შ.“ – განაცხადა დევი ტაბიძემ.

წყარო: ​,,კვირა''

წაიკითხეთ სრულად