„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და რესურსცენტრების წარმომადგენლებმა „ლიდერობის აკადემია“ გაიარეს
1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა 2016-2019 წლებში პროფესიული განვითარების კურსი - „ლიდერობის აკადემია“ გაიარეს. კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გადასცა.
ტრენინგები სკოლის დირექტორებს დაეხმარა გაეუმჯობესებინათ თავიანთი კომპეტენცია სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა.
პროფესიული განვითარების პროგრამა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტია, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა.