Baby Bag

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება

სკოლებისათვის ახალი პროექტი იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს „შეფასება განვითარებისათვის“ იწყებს. პროექტი გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
„სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება - პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს:

  • მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით - მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
  • შეფასების შედეგების ასახვას - მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
  • მასწავლებლებს - დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
  • მშობლებს - დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
  • სკოლებს - შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

​მოსწავლე ვეღარ დარეკავს კლასში - ეს და სხვა შეზღუდვები Teams-ში, რომლებიც ამ კვირაში დაიწყება

​მოსწავლე ვეღარ დარეკავს კლასში - ეს და სხვა შეზღუდვები Teams-ში, რომლებიც ამ კვირაში დაიწყება
იწყება პოლისების მოსწავლეებზე გავრცელება, რომელიც გულისხმობს შემდეგ შეზღუდვებს:

მოსწავლე ვეღარ დარეკავს კლასში. შეეძლებათ მხოლოდ მასწავლებლის მიერ დაწყებულ გაკვეთილზე შეერთება. მასწავლებელმა არასწორადაც რომ დაიწყოს გაკვეთილი (კალენდარიდან სწორად ჩანიშვნის გარეშე), მოსწავლე მაინც ვერ შეძლებს სხვა მოსწავლის გაკვეთილიდან გაგდებას. (მხოლოდ ხმის გათიშვის უფლება ექნება და თუ მაინც არასწორად დარეკავს რომელიმე მასწავლებელი, გაკვეთილის მიმდინარეობის დროსაც შეუძლია მასწავლებელს მოსწავლის როლი შეცვალოს, ან პრეზენტატორი მხოლოდ თვითონ იყოს).
მოსწავლეებს შეეზღუდებათ გაკვეთილის ჩაწერის უფლება (მხოლოდ მასწავლებელი შეძლებს ჩაწერას).

მოსწავლეებს გაეთიშებათ ჩეთის ფუნქცია (ანუ ვეღარ მისწერენ უცხო, ან ნაცნობ მასწავლებლებს/მოსწავლეებს, ვერ დაურეკავენ ვიდეო ან აუდიო ზარით სხვა მოსწავლეებს/მასწავლებლებს და ვერ შეუშლიან ხელს გაკვეთილის მიმდინარეობის დროს). 

მოსწავლეს დარჩება უფლება, პრივატ ტიმსის შექმნის, სადაც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში რაიმე პროექტზე მუშაობისას გამოიყენოს ტიმსი და კალენდარიდან დანიშნოს მხოლოდ ივენთები, ისარგებლოს ვიდეო ზარით კალენდარიდან დანიშნული ივენთის შემთხვევაში და გამოიყენოს ის ფუნქციონალი რაც მას სჭირდება.
თუ მასწავლებელს სჭირდება ერთ კონკრეტულ ბავშვთან ცალკე საუბარი, შეუძლია კლასში, ან ცალკე შექმნილ Teams-ში, Private chennel-ის დამატებით მოიწვიოს კონკრეტული მოსწავლე ცალკე ჩეთში და იქ ესაუბროს როგორც ტექსტურად, ასევე ვიდეო/აუდიო ზარის საშუალებით.
მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო (500 000-ზე მეტი) აღნიშნული პოლიტიკები ეტაპობრივად გავრცელდება. სამუშაოები, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დასრულებდა.
წაიკითხეთ სრულად