Baby Bag

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა​. უწყების ცნობით, განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა  გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს - ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ.

„ამ ფორმით სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს, რომლებმაც შექმნეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ისტორია და აღზარდეს არაერთი თაობა, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის შედეგად, ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები შემოვიდნენ,“ - წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დაამტკიცდა:

  • ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.
  • პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.
  • იმ შემთხვევაში, თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი ერთზე მეტ საჯარო სკოლაში ასწავლის, ფულადი ჯილდოს აღების მიზნით ვალდებულია შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს ყველა საჯარო სკოლასთან. ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო გამოითვლება თითოეულ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
  • ფულადი ჯილდოს ოდენობა შეადგენს ბოლო 3 თვის განმავლობაში პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლს.
  • იმ მასწავლებელს, რომელსაც 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე შეჩერებული აქვს შრომითი ურთიერთობა, ფულადი ჯილდო მიეცემა ნამუშევარი ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლის ოდენობით.
  • ფულადი ჯილდოს ოდენობა დაანგარიშდება პრაქტიკოსი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსა და მასზე გათვალისწინებული დანამატების მიხედვით.
  • თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში კვლავ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები) და დააბრუნოს ფულადი ჯილდო სრული ოდენობით.
  • ხოლო თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ასევე, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).
  • ფულადი ჯილდოს გაცემა 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.
  • 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საჯარო სკოლებიდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჯილდოს მიღების სურვილი 1594 სკოლის 5600-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოხატა.

განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი:

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად.
  • ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).
  • ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნის შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.

​ზოგადი განათლების კანონი

​მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

„რეგულირების წესის“ მიხედვით, მასწავლებელმა წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 7 კრედიტზე უნდა დაადასტუროს

„რეგულირების წესის“ მიხედვით, მასწავლებელმა წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 7 კრედიტზე უნდა დაადასტუროს

„მასწავლებლის რეგულირების წესის“ მიხედვით, 1 და 4 კრედიტზე გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს წინსვლის უფლება პირდაპირ არ ენიჭებათ. წამყვანის ან მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად უფროსმა მასწავლებელმა საგნობრივი კომპეტენცია მინიმუმ 7 კრედიტზე უნდა დაადასტუროს (50%-იანი საგნობრივი კომპეტენცია არის წინაპირობა იმისა, რომ მასწავლებელმა დაიწყოს წინსვლაზე ზრუნვა),“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ Moms.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პედაგოგს გამოცდა 1 ან 4 კრედიტზე ჰქონდა ჩაბარებული, გადაბარება მოუწევს:

საგნობრივი კომპეტენციის მინიმუმ 7 კრედიტზე დადასტურება არის წინაპირობა, რომ მასწავლებელს წინსვლის უფლება ჰქონდეს. ამის შემდეგ მან კომპლექსური შეფასება უნდა გაიაროს, რაც გულისხმობს როგორც წამყვანი მასწავლებლისთვის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სკოლაში მივლენ პირები, რომლებიც დააკვირდებიან მასწავლებლის საგაკვეთილო პროცესს, შეაფასებენ პედაგოგის განხორციელებულ პროექტებს, მის ურთიერთობას კოლეგებთან, მოსწავლეებთან... კმაყოფილების დონე ინტერვიუებისა და გაკვეთილზე დაკვირვების გზით განისაზღვერება. სწორედ ამ გზით გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი, “ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად ბმულზე - „კრედიტქულების დაგროვება ჯერჯერობით არ უქმდება“ - ბერიკა შუკაკიძე „მასწავლებლის რეგულირების წესსა“ და დაგეგმილ სიახლეებზე

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად