Baby Bag

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები 17 ივნისს ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით ,,დამსახურებულად" ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს''

,,უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით ,,დამსახურებულად" ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს''

მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:

„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“

„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“

„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“

„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“

„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“

„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“

„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“

„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“

„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“

„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“

„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“

წაიკითხეთ სრულად