Baby Bag

„​საქართველოს ერთადერთი წარმატება განათლებაშია“ - მამუკა ბახტაძე მასწავლებელთა ხელფასებზე საუბრობს

„​საქართველოს ერთადერთი წარმატება განათლებაშია“ - მამუკა ბახტაძე მასწავლებელთა ხელფასებზე საუბრობს

„​სადაც პედაგოგისა და მასწავლებლის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, ასეთ სახელმწიფოს არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, შეიძლება, თავისი წარსულიც დაკარგოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სემინარის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა. მოგეხსენებათ, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის თანახმადაც ჩვენ, ჩვენი მთიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ნებისმიერი მთავრობისთვის ვალდებულება იქნება. ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, ის არის, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც პედაგოგისა და მასწავლებლის როლი არ არის შესაბამისად დაფასებული, ასეთ სახელმწიფოს 21-ე საუკუნეში არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, მან შეიძლება, თავისი წარსული და ფასეულობებიც დაკარგოს. შესაბამისად, მინდა, თითოეულ თქვენგანს მივმართო და ვთხოვო, რომ ეს არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მაქვს იმის პატივი, რომ დღეს მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გამოცდის ჩატარება ნიღაბში კლინიკურ-ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია...ნიღაბმა შეიძლება გონების დაკარგვის ხშირი შემთხვევებიც გამოიწვიოს...'' - ზურაბ გურული

,,გამოცდის ჩატარება ნიღაბში კლინიკურ-ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია...ნიღაბმა შეიძლება გონების დაკარგვის ხშირი შემთხვევებიც გამოიწვიოს...'' - ზურაბ გურული

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი თვლის, რომ ერ­თი­ანი ეროვ­ნული გამოცდის ჩატარება ნიღაბში შესაძლოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული იყოს, მაგრამ კლინიკურ-ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია. 

მისი აზრით, გა­მოც­დებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის პირ­ბა­დით ყოფ­ნამ შესაძლოა გონების დაკარგვაც კი გამოიწვიოს:

,,სპეციალური სამედიცინო ნიღაბი - N95, შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციას დაახლოებით 20%-ით ამცირებს. რაც შეეხება ე.წ. ქირურგიულ ნიღბებს, აქ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდნენ პროცენტებზე, მაგრამ რამდენიმე მიმდინარე კვლევამ უკვე აჩვენა, რომ მჭიდროდ მორგებული ჩვეულებრივი ნიღაბიც იგივე პრობლემას იწვევს. ჯერჯერობით არ ჩანს დამაჯერებელი კვლევა, რომელიც ნიღაბის მიღმა სუნთქვისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პროცენტებს დააფიქსირებდა. ამასთან, კვლევები ძირითადათ ჩატარებული იქნა საოპერაციოებში, სადაც ფიქსირებული გარემოს ტემპერატურაა, რაც ხელს უშლის ორგანიზმის გადახურებასაც და სისხლში ნახშირორჟანგით შემცველობის ზრდით გამოწვეულ პრობლემას - მოთენთვა-ძილიანობას. ცხადია, საოპერაციოს პერსონალი რუტინულად ატარებს ნიღაბს და არავის შეუმჩნევია რაიმე საშიში ეფექტი, თუმცა, მომატებული ადრენალინისა და გარემოს ტემპერატურის შემთხვევაში საოპერაციოს ახალბედებში სინკოპური (გულის წასვლა) ეპიზოდები არც ისე იშვიათობაა.

ჩემი აზრით, გამოცდის ჩატარება ნიღაბში შესაძლოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული იყოს, მაგრამ კლინიკურ-ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია. ბუნებრივად მომატებული ადრენალინი, ტვინის დაძაბული მუშაობა, პრაქტიკულად გარანტირებული დეჰიდრატაცია საკმარისი ეფექტებია იმისათვის, რომ დააქვეითოს გონებრივი შესაძლებლობების ადექვატური გამოვლენა და გამოიწვიოს გონების დაკარგვის ხშირი შემთხვევებიც.

ამ პრობლემის იდეალური გადაწყვეტა არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია გონივრული კონსენსუსის მიღწევა. მაგალითად, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აბიტურიენტები თავისთავად მიეკუთვნებიან დაავადებისათვის ძალიან დაბალი რისკის ჯგუფს თავიანთი ასაკის გამო, შესაბამისად ზედმეტი კონსერვატიულობა საჭირო არ არის. შესაძლებელია გამოცდა ჩატარდეს ისეთ დარბაზში, სადაც კარგად იქნება საჭირო დისტანციები დაცული, რაც აგრეთვე შეამცირებს რისკს. გამოცდა აგრეთვე შეიძლება ჩატარდეს გაშლილ ტერიტორიაზე, მხოლოდ ზემოდან დახურული ტენტის ქვეშ, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია მინიმუმამდე დაიყვანს ინფექციის გავრცელების შანსებს. აბიტურიენტებისათვის შედგენილი იქნას სავალდებულო ჰიგიენური წესების ნუსხა, თუნდაც როგორ მოახერხონ დაცემინება, ან შეიკავონ თავი ხმამაღალი საუბარისაგან, ახლო კონტაქტებისაგან და ა.შ. მოკლედ, გამოცდის სავალდებულო ჩატარება ნიღბებში არაჰუმანური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, ლოგიკური მსჯელობითა და მოქნილი აზროვნებით შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოხსნა,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული. 

წაიკითხეთ სრულად