„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
როგორ ანაზღაურდება მასწავლებლის შრომა დისტანციური სწავლების პერიოდში - ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხიელ ჩხენკელის ბრძანებით განისაზღვრა, როგორ ანაზღაურდება მასწავლებლის შრომა დისტანციური სწავლების პერიოდში.
„2020 წლის 30 მარტიდან დისტანციური სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლა თავად განსაზღვრავს დროებით საათობრივ ბადეს ისე, რომ დროებითი საათობრივი ბადე ითვალისწინებდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის დამტკიცებულ ყველა საგანს.
შენიშვნა: დროებითი საათობრივი ბადის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ხორციელდება 56-ე მუხლით განსაზღვრული საათობრივი ბადის საფუძველზე სკოლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში დაზუსტებული საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.