„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობრივი შემეცნება,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ადამიანის ცხოვრებაში მათემატიკის როლისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათემატიკური უნარი ყველა ადამიანს აქვს:
„ისევე როგორც ჩვენი ყველა დანარჩენი უნარი, მათემატიკური უნარიც ვიღაცას უფრო მეტი აქვს, ვიღაცას უფრო ნაკლები, მაგრამ ყველას აქვს. ძალიან ხშირად, ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ გვეშინია, თვითშეფასება გვაქვს დაბალი, არ გვინდა ვიღაცას ვაჩვენოთ, რომ ვართ სულელები, გვგონია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია. მათემატიკური უნარი ნამდვილად ყველას აქვს. ამას როგორც ფსიქოლოგი ვამბობ.“
„ვიღაცას აქვს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიღაცას - ნაკლები. ვისაც არ აქვს ისეთი შესაძლებლობა, იმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამისგან სიამოვნება მიიღოს. მასწავლებელზეა ძალიან დამოკიდებული, მე აქედან სიამოვნებას მივიღებ თუ არა. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობრივი შემეცნება. რაოდენობრივ შემეცნებას სჭირდება სიამოვნების დანახვა. ეს ჩვეულებრივი განცდა არ არის. უნდა დაინახო და გაიგო ეს სიამოვნება. ამ გაგებაში ძალიან დიდი როლი აქვს უფროს ადამიანს. ეს შეიძლება იყოს მშობელი, მასწავლებელი განსაკუთრებით, რომელიც დაგანახვებს, რომ ამ რიცხვების უკან არის მშვენიერება და შესაძლებლობა, რომ აღწერო სამყარო, რეალობა და გაუკეთო ინტერპრეტაცია. თუ ვერ დაინახე და ვერ გაიგე, ვერ ისიამოვნებ. ვისაც მოსწონს რიცხვები, იმისთვის სულ სხვა განცდებია და სხვა გზაა,” - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.