Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

საზაფხულო სკოლები გრძელდება - რა სიურპრიზი ელოდებათ საუკეთესო მოსწავლეებს

საზაფხულო სკოლები გრძელდება - რა სიურპრიზი ელოდებათ საუკეთესო მოსწავლეებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ სამეცნიერო და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები მოინახულა, მოსწავლეებს შეხვდა და ნორჩ გამომგონებელთა ნამუშევრებს გაეცნო.

პროექტი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - „თბილისის“ ბაზაზე ხორციელდება და მასში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში საუკეთესო შედეგების მქონე 750 მოსწავლე მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

საზაფხულო სკოლაში მოსწავლეების აქტივობები ორ ნაწილად იყოფა: დღის პირველ ნახევარში ისინი ძირითადად აკადემიური ნაწილით არიან დატვირთულნი, მეორე ნახევარში კი, აქვთ განტვირთვის საშუალება მრავალფეროვანი სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, ექსკურსიებითა და გასვლითი ღონისძიებებით.

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის პროგრამა ძირითადად მათემატიკისა და ინფორმატიკის თემატიკას უკავშირდება. მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციებს სამეცნიერო სფეროდან, უტარდებათ მრავალფეროვანი ლექციები და სემინარები მოწვეულ ლექტორებთან, დარგის სპეციალისტებთან.

ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში კი, აკადემიური ნაწილი მოიცავს როგორც ინგლისური ენის, ასევე დიდი ბრიტანეთის კულტურისა და ტრადიციების შესწავლას. ზოგადი ინგლისურის გაკვეთილებზე მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა თემებს, ისეთი როგორიცაა მოგზაურობა, მუსიკა, სარეკლამო სფერო, კინოინდუსტრია და სხვა. საგაკვეთილო პროცესი დატვირთულია ბევრი სახალისო აქტივობით, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

სამეცნიერო ბანაკის თითოეულ ნაკადში ბანაკის მონაწილეთაგან საუკეთესო მოსწავლეები შეირჩევიან, რომელთა ნაწილი შვეიცარიაში, CERN-ში (ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი) გაემგზავრება, ნაწილი კი - პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში, ინგლისური ენის ბანაკის მოსწავლეებიდან საუკეთესოები კი, დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის სკოლაში გაემგზავრებიან.

წაიკითხეთ სრულად