Baby Bag

„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა - ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი“ - მიხეილ ბატიაშვილი

„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა - ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი“ - მიხეილ ბატიაშვილი

„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა - ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,​ მიხეილ ბატიაშვილმა „ახალი სკოლის მოდელში” ჩართული სკოლების დირექტორებთან და მათი მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტის მიზნებზე, განხორციელების გზებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, ადმინისტრაციულ და შინაარსობრივ საკითხებზე.

„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა - ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპილოტე სკოლების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან შეხვედრები. ეს ის პროფესიონალებია, რომლებიც ახალი საგაკვეთილო პროცესების დანერგვაზე ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ სკოლებში მუშაობას. ახალი მოდელის განხორციელების დეტალებზე თითოეულ სკოლაში ინდივიდუალურად ვმუშაობთ, ვეცნობით სკოლების საჭიროებებს, რათა მაისის ბოლოს უკვე ვიხილოთ რეფორმირებული სკოლების წარმატებული მაგალითები,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტროს ექსპერტები პედაგოგებთან იმ ძირითად მიმართულებებზე მუშაობენ, როგორიცაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავება და დანერგვა, ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა.

„როგორც ცნობილია „ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია და საპილოტე რეჟიმში წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე სკოლებში განხორციელდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფები ასევე, იმუშავებენ პედაგოგებთან სასწავლო გეგმისა და მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარების კუთხით. პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

​მარტიდან სკოლებში „ახალი სკოლის მოდელი“ ამუშავდება

​რას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელი“ - დეტალები

​როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია

​რამდენ დღეს გაგრძელდება სკოლებში სააღდგომო დასვენება

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლები სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით მეტ სტრესს განიცდიან

მასწავლებლები სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით მეტ სტრესს განიცდიან

კვლევებით დგინდება, რომ მასწავლებლები სამსახურში ბევრად მეტ სტრესს ​განიცდიან, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანები. გამოკითხული ყოველი მეხუთე მასწავლებელი აღნიშნავს, რომ სამუშაო დღის მანძილზე გამუდმებით დაძაბული და აღელვებულია, მაშინ როდესაც სხვა პროფესიების წარმომადგენლებიდან მსგავსი პრობლემა რვა ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს. 

მოსწავლეთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და მასწავლებელთა ნაწილის სკოლიდან გასვლა პედაგოგებს სტრესულ გარემოში მუშაობას აიძულებს. თვეების მანძილზე ინტენსიური შრომა მასწავლებლების ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. მათ სხვა პროფესიის წარმომადგენელ ადამიანებთან შედარებით დასვენებისთვის ბევრად ცოტა დრო რჩებათ.

გამოკითხულ მასწავლებელთა 41 % თვლის, რომ მათ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვთ, მაშინ როდესაც მსგავს უკმაყოფილებას კვლევაში მონაწილე სხვა პროფესიების წარმომადგენლების მხოლოდ 32 პროცენტი გამოთქვამს.

მკვლევარები თვლიან, რომ პედაგოგთა სამუშაო დროის ხანგრძლივობის შემცირება აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს სტრესისგან მეტად დაიცავს. მასწავლებლებს საზოგადოებისგან გაცილებით მეტი თანადგომა, აღიარება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე აქვთ. მათ უკეთესი სამუშაო გარემო და პირობები ესაჭიროებათ, რათა დაძაბულობის გარეშე მუშაობა შეძლონ, რაც მხოლოდ სწორი მენეჯმენტისა და სასწავლო პროცესის სათანადო ორგანიზების პირობებშია შესაძლებელი.

კარგი მასწავლებლები ხშირად საკუთარ პროფესიაზე უარს ამბობენ, რადგან დატვირთულ გრაფიკს და არასახარბიელო სამუშაო პირობებს ვერ უძლებენ.

მკვლევარები თვლიან, რომ მოქნილი სამუშაო გარემო, პროფესიული წინსვლისა და ზრდის ჩამოყალიბებული სისტემის არსებობა და მოწესრიგებული ბიუროკრატია მასწავლებელთა მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდის და მათ ფსიქიკაზეც დადებითად აისახება.

მომზადებულია ​independent.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად