Baby Bag

თუ ჩვილი ტირის, ფილტვები ეხსნება - მითია თუ რეალობა? - პედიატრ-ნეონატოლოგი ჩვილების ქცევასთან დაკავშირებით

თუ ჩვილი ტირის, ფილტვები ეხსნება - მითია თუ რეალობა? - პედიატრ-ნეონატოლოგი ჩვილების ქცევასთან დაკავშირებით
რატომ ტირიან ჩვილები, რას მივაქციოთ ყურადღება პატარების ქცევებთან დაკავშირებით, - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge პედიატრ-ნეონატოლოგი თაკო კოკაია გვესაუბრა.

​- ამბობენ, რომ თუ ჩვილი ტირის, ფილტვები ეხსნებაო - მითია თუ რეალობა?

​- ბავშვი ტირილით ევლინება სამყაროს. მშობიარობის შემდეგ დედის პირველი შეკითხვაა - იტირა? დიახ, ყველამ იცის, რომ პირველი ტირილის ხასიათი ბავშვის მდგომარეობის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია. დაბადებამდე ბავშვის ფილტვები სითხითაა სავსე, ხოლო პირველი ჩასუნთქვის შემდეგ ფილტვები მართლაც უნდა „გაიშალოს“ ანუ სითხე უნდა გამოიდევნოს და მისი ადგილი ჰაერმა დაიკავოს, ეს რთული მექანიზმია და მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მაგრამ ეს ხდება დაბადებიდან მალევე და ზრდა-განვითარების შემდგომ ეტაპებზე ტირილს ფილტვების გაშლასთან კავშირი არ აქვს.
ბავშვის ტირილი მშობლებთან კომუნიკაციის საშუალებაა. პატარა ტირის, როდესაც შია, კოლიკა აწუხებს, საფენი აქვს გამოსაცვლელი და რაც მთავარია, დედასთან უნდა ჩახუტება. ასეთ დროს თქვენს პატარას კომფორტისა და დაცულობის შეგრძნება ესაჭიროება და ფილტვების გახსნის საბაბით ყურადღებას თუ არ მივაქცევთ, დაიკარგება „ნდობა“ ბავშვსა და მშობელს შორის.

​- ხელში აყვანისას ზოგჯერ ჩვილი იჭიმება ან ირკალება, განიცდის დისკომფორტს, საშიშია თუ არა ეს და რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა ამ დროს?

​- ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის რკალისებური პოზა სხვა სიმპტომებთან ერთად შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მანიშნებელი იყოს. თუ ექიმი ჩათვლის, რომ ბავშვი ჯანმრთელია, მაშინ დავაკვირდეთ პატარას, ხომ არ მიგვანიშნებს, რომ რაღაც აწუხებს - მაგ. კოლიკა ან რეფლუქსი? მას ასეთი პოზა აძლევს გარკვეულ შეღავათს. ზოგჯერ ბავშვი ზედმეტად გაღიზიანებულია. მისი გაღიზიანების მიზეზი ხდება ხმაური, ხალხმრავალი თავყრილობა. ასეთ დროს სხეულის დაჭიმულობა ტანტრუმის ერთგვარი ფორმაა. შეიძლება ეს იყოს ე.წ. სტარტლ ანუ მოროს რეფლექსი, რომელიც 2-4 თვის ასაკისათვის გაქრება. ხმაურზე, დაცემის მსგავს ან სწრაფ მოძრაობაზე ბავშვი ჭიმავს ფეხებს, თავს წევს უკან და მისი სხეული იღებს რკალის ფორმას.
ყველაზე სწორია ასეთ დროს ვეცადოთ ვისწავლოთ ბავშვის მოსმენა და მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემო შევუქმნათ.

​- საშიშია თუ არა, როდესაც ბავშვის თავის ზომები გაზრდილია ტანთან შედარებით?

​- ექიმთან რუტინული ვიზიტების დროს იზომება ბავშვის თავისა და სხეულის პარამეტრები. ასე რომ, პედიატრი აუცილებლად შეამჩნევს არის თუ არა, რამე საყურადღებო ბავშვის სხეულის პროპორციებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალშობილი და ზოგადად პატარა ბავშვი, ზრდასრულის მინიატურული ასლი არ არის. ახალშობილის თავის ზომა მთელი სხეულის სიგრძის მეოთხედიდან მესამედ ნაწილამდეა, მაშინ როცა მოზრდილში თავი მხოლოდ სხეულის მერვედი ნაწილია. ამიტომაცაა, რომ პატარას თავი არაპროპორციულად დიდი გვეჩვენება.

​- რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვს შიშები აქვს ბანაობის დროს და წყლის პროცედურები არ უყვარს?


​​- თუ პატარას ბანაობა არ უყვარს, სჯობს, სერიოზულად მოეკიდოთ მის შიშს და არ აიძულოთ, როცა მას ეს არ სურს. ამის ნაცვლად, დაეხმარეთ თქვენს შვილს თავი იგრძნოს მშვიდად. მაგ. ხელი დაადეთ მუცელზე. ახალშობილებს შეურჩიეთ წყლის ისეთი ტემპერატურა, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული იქნება პატარას სხეულის ტემპერატურასთან. აბაზანის ზომა შეარჩიეთ შეძლებისდაგვარად პატარა, რათა ბავშვი იყოს უსაფრთხოდ, ეცადეთ, იქონიოთ თვალით კონტაქტი, ესაუბრეთ იმაზე, რის გაკეთებას აპირებთ. შექმენით გარკვეული რუტინა, რომელიც ბანაობასთან იქნება ასოცირებული. მაგ. ერთი და იგივე სიმღერა უმღერეთ ან მხიარული ლექსი წაუკითხეთ. უფრო მოზრდილი ბავშვები ჩასვით ცარიელ აბაზანაში და ნელ-ნელა დაამატეთ წყალი. თუ თქვენს პატარას თვალებში წყლის ჩასვლა არ სიამოვნებს, შეუძინეთ სპეციალური სათვალე ან ქუდი. თუ არაფერმა გაჭრა, მაშინ ეგებ შხაპი მიიღოთ ბავშვთან ერთად.

​ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დ​ედების ჯგუფი“)