მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
„ბავშვი რომ ტირის და მშობელს ვურჩევთ: ხელში არ აიყვანო და ცალკე დააძინე, ეს არ არის რეცეპტი,“ - თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში გავრცელებული შიშების შესახებ ისაუბრა და მშობლებს მარტო დაძინების შიშის მქონე ბავშვებთან საჭირო მიდგომები გააცნო:
„ამერიკულ კულტურაში მიღებულია, რომ ბავშვი ერთი თვის ასაკში უნდა დატოვო მარტო დასაძინებლად. ახალი გაიდლაინებით ამერიკელებმაც კი შეცვალეს მიდგომა. რატომ? იმიტომ, რომ მიჯაჭვულობა, ემოციური დამოკიდებულება გულზე მიხუტებით დაძინებით, არ გაწყდეს. ჩვენ გვჭირდება ოქროს შუალედი. ბავშვი რომ ტირის და მშობელს ვურჩევთ: ხელში არ აიყვანო და ცალკე დააძინე, ეს არ არის რეცეპტი.“
თამარ გაგოშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ოქროს შუალედის პოვნა შეძლონ:
„არც ის არის რეცეპტი, რვა წლის ასაკში შენ გარეშე ბავშვს რომ არ ძინავს და გეუბნებიან, ერთად დაიძინეთო. რა არის ოქროს შუალედი? ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჩვეუნ უნდა ვეცადოთ, რომ მას ცალკე თავისი პატარა ადგილი ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის მისი საწოლი. ჩვენ შეიძლება ვეცადოთ კიდეც, რომ ბავშვი თავის საწოლში დავაძინოთ, მაგრამ ის რომ იღვიძებს და შენთან მოძვრება, მიტინგი არ უნდა მოაწყო ამის გამო.“
თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ყველა ბავშვს არ აქვს მშობელთან ერთნაირი მიჯაჭვულობა და ინდივიდუალური მიდგომა მნიშვნელოვანია:
„ყველა ბავშვს ერთნაირი მიჯაჭვულობა არ აქვს. განსაკუთრებით ბიჭები დედებზე ძალიან მიჯაჭვულები არიან. ბავშვი გეუბნება, რომ ჩამიქრე სინათლე, უნდა ჩაუქრო. საბავშვო სანათების დაბალი შუქი საკმარისი შუქია. ბავშვს რომ რაღაც მოელანდოს, ეს ორიენტირი აქვს, დაცულია. ზოგი ბავშვი ამბობს, რომ აქ არ მინდა შუქი, სხვა ოთახში ამინთე და კარი დამიტოვე ღია. უნდა გააკეთო ეს. არის რაღაცები, რაშიც ჩვენ ბავშვს ვუყურებთ და მივყვებით. ისედაც ბევრ რაღაცებზე ვძალადობთ ჩვენ ბავშვებზე. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ გაჯეტები და ტელევიზორები გამოიტანოს საბავშვო ოთახიდან. საძინელებელი ოთახი არის საძინელებელი ოთახი. ეს უნდა იყოს წესი. არც შენ უნდა გქონდეს თან ტელეფონი. მერე ბავშვი გეუბნება: აბა შენ რომ გაქვს?!“
„ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ვიღაცას არ სჭირდება ბევრი რწევა. რომ ხედავ ბავშვს თავისით ეძინება, არ უნდა არწიო. ამიტომ სჯობს ბავშვი არ მივაჩვიოთ ხელში დაძინებას. არიან მძიმე ტემპერამენტის ბავშვები, რომლებიც თუ არ მიიხუტე, არ დაიძინებენ. ამას ვერ გაექცევი. მშობლები გეუბნებიან, რომ არ დამერწია, არ დაიძინებდა. ასეთი ბავშვი რომ გაიზრდება, ვნახავთ, რომ მას სენსორული პრობლემები აქვს. ის ასეთი იყო მაშინაც. მას ეს სჭირდებოდა,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.