როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
3 უდიდესი შეცდომა, რომელსაც წონაში კლების დროს ვუშვებთ - ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე
ენდოკრინოლოგმა ანა ჭოხონელიძემ იმ სამი უდიდესი შეცდომის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ადამიანები წონაში კლების დროს უშვებენ:
„ადამიანებს ძალიან უნდათ, რომ დაიკლონ წონაში. ამ დროს თითქოს ლოგიკურია, რომ არ უნდა ჭამონ. ეს არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა და სავალალოც, რადგან შიმშილს ახასიათებს უკუეფექტი. ნებისმიერ ორგანიზმს აქვს ჰომეოსტაზი, რაც კომფორტულია ნებისმიერი ორგანიზმისთვის. როდესაც ადამიანი ცდილობს წონაში დაკლებას შიმშილით, ის სტრესში აგდებს ორგანიზმს. ამ დროს მკვეთრი ცვლილება ხდება. ის იკლებს წონაში. მას შემდეგ, რაც ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, შესაძლებელია, რომ მან ორმაგად მოიმატოს წონაში. ორგანიზმს ეშინია, რომ ისევ შიმშილის ფაზაში ჩავარდება და იგროვებს მარაგს.“
ანა ჭოხონელიძის თქმით, დიეტის დროს რაციონიდან პურის ამოღება შეცოდმაა:
„დიეტა ყველასთვის ასოცირდება რაციონიდან პურის ამოღებასთან. ამბობენ, რომ არ ჭამენ პურს, მაგრამ ჭამენ ხაჭაპურს. ესეც არის სტრესული ორგანიზმისთვის. ადამიანის ნორმალური ყოფა ითვალისწინებს მრავალი სახეობის პროდუქტს. როდესაც ჩვენ ერთი სახეობის პროდუქტს ვიღებთ, ესეც შეიძლება ორგანიზმმა აღიქვას როგორც სტრესი.“
„მესამე ყველაზე დიდი შეცდომა არის ერთხელ ჭამა. ამბობენ ხოლმე, რომ ერთხელ ჭამენ და ნეტა რა გვასუქებსო. როდესაც ადამიანი ჭამს დღეში ერთხელ, მას უფრო მეტად შივდება, ვიდრე დღეში 3-4-ჯერ ჭამისას. ძალიან მოშიებულზე ის უფრო მეტი რაოდენობის საკვებს იღებს. ყოველ შემდეგ ჯერზე ერთჯერადად გაბერილი კუჭი ითხოვს უფრო მეტ საკვებს იმისთვის, რომ დანაყრდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ანა ჭოხონელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.