Baby Bag

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

​„რთულია, როცა აბიტურიენტობა COVID-19-ის ფონზე გიწევს“

კორონავირუსის პანდემიამ აბიტურიენტთა მომზადების პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი და რთული გახადა. ზოგისთვის ეს პერიოდი სერიოზულ გამოწვევად და პრობლემადაც იქცა. განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც მოსამზადებლად ერთი ქალაქიდან მეორეში უწევდა სიარული. ერთ-ერთი მათგანია მარიამ გრიგალაშვილი. იგი ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევიდან ქალაქ ხაშურში დადიოდა რეპერიტორებთან, თუმცა პანდემიამ მარიამის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა. 

„რას წარმოვიდგენდი, ისედაც რთული აბიტურიენტობა, კიდევ უფრო თუ გართულდებოდა და ყოველდღიურად 30-35 კილომეტრიანი გზის გავლა მომენატრებოდა. პანდემიის დაწყებამდე ჩემი სოფლიდან ხაშურში დავდიოდი მოსამზადებლად, სამ საგანში ვემზადები. ეს ძალიან რთულია, მუდმივად გზაში გიწევს ყოფნა, იძულებული ხარ, საათობით ელოდო ტრანსპორტს, სახლში გვიან ბრუნდები, შემდეგ კი გადაღლილი მეცადინეობ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის დროს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ რეპეტიტორებთან ვეღარ დავდივარ“, - გვიყვება მარიამი.

ტექნიკური რესურსების არქონის გამო იგი ვერც ონლაინ ახერხებს რეპეტიტორებთან მეცადინეობას, საკუთარი ძალებით ცდილობს პროგრამის დაძლევას და იმედი აქვს, რომ წელს აუცილებლად ჩააბარებს: 

„ჩემმა მეგობრებმა ონლაინ მომზადება გააგრძელეს, ტექნიკური რესურსების არქონის გამო იძულებული გავხდი, თავი დამენენებია. რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე ეროვნულ გამოცდებს უფრო შიშით ვუყურებ. ვცდილობ, ჩემით ვიმეცადინო. ვფიქრობ, ეს არც ისე კარგად გამომდის, მჭირდება ვინმე, ვინც შეცდომებს გამისწორებს და ამიხსნის, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ მაქვს და უქმად ყოფნას, ნამდვილად სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, არ ვაპირებ დასახულ მიზნებზე უარის თქმას. იმედი მაქვს, შრომა დამიფასდება და წელს აუცილებლად ჩავაბარებ.“

მარიამი პანდემიის გამო ჩაშლილი სასკოლო გეგმების შესახებაც გვესაუბრა.

„ჩაგვეშალა ბანკეტისა და ბოლო ზარის გეგმები. ვის რა უნდა გაგვეკეთებინა, ეგეც კი გადანაწილებული გვქონდა. ჩემი სკოლის მეგობრებთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი. ეს ცოტა არ იყოს დამთრგუნველიცაა.“

მიუხედავად ყველაფრისა, მარიამი გვეუბნება, რომ: „ეს პერიოდი ყველასთვის გამოწვევაა, არ უნდა დავნებდეთ, ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ ჩვენი გეგმების განხორციელებას. თუ გულით მოვინდომებთ, ყველაფერს მივაღწევთ“.
ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ​ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს აქვეყნებს. გამოცდები 6 ივლისს დაიწყება ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდით და 25 ივლისს დასრულდება სამოქალაქო განათლების გამოცდით.

იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი

6-11 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
6 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
14 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;
15 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;
16 ივლისი (პირველი სესია) - ბიოლოგია;
17 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
17 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
18 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
19 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) - ზოგადი უნარები;
21 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
22 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
22 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
23 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია;
24 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარსს. წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

წაიკითხეთ სრულად