Baby Bag

,,თუ წვნიან კერძს ვაკეთებთ, უკვე მდუღარე წყალში ჩავდოთ პროდუქტები, ხანგრძლივი მორევის, თუხთუხის გარეშე, ოდნავ ხრაშუნდა უნდა დარჩეს" - მარი მალაზონია

,,თუ წვნიან კერძს ვაკეთებთ, უკვე მდუღარე წყალში ჩავდოთ პროდუქტები, ხანგრძლივი მორევის, თუხთუხის გარეშე, ოდნავ ხრაშუნდა უნდა დარჩეს" - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს თერმულად დამუშავების წესზე ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტებში შემავალ ნივთიერებებს პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, რომლებიც არ არის მდგრადი თერმულად დამუშავების დროს:

„სტრუქტურულად სულფარაფანი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ანტიდამჟანგავი, ანტიოქსიდანტი, რომელსაც უზარმაზარი კიბოს საწინაანღმდეგო ეფექტი აღმოაჩნდა და ამის დასტურად ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომელიც ჩატარდა ამ მიმართულებით, ჯონ ჰოპკინსის უნივერისტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც დადასტურებულია, ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის გამოყენების სქემის შესაბამისად, როგორია პროსტატის კიბოს პროფილაქტიკის მაჩვენებელი, ეს არის 30% - ის ზემოთ, ხოლო ყოველდღიური, ყოველკვირეული მოხმარების დროს 45% - ზე მეტიც კი.

ამ პროდუქტებში არის გარკვეული რაოდენობის სულფარაფანთან ერთად, ც ვიტამინი, კაროტინები. ისინი არ არის მდგრადი თერმული დამუშავების დროს და მათ შებრაწვის ან მოხარშვის დროს მარტივად ვკარგავთ. ეს ყველაფერი რომ შევინარჩუნოთ, თუ წვნიან კერძს ვაკეთებთ უკვე მდუღარე წყალში ჩავდოთ პროდუქტები, ხანგრძლივი მორევის, თუხთუხის გარეშე, ოდნავ ხრაშუნდა უნდა დარჩეს. ამ პროდუქტებს ხანგრძლივად დუღილი არ სჭირდებათ, მდუღარე წყლის გარემო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თავდახურულ ჭურჭელში, რამდენიმე წუთის მანძილზე, ჩაიორთქლოს და მზად იყოს მოხმარებისთვის.

თუ ჩვენ გვინდა წვენის გარეშე მშრალად გამოვიყენოთ, უმჯობესია ეს გავაკეთოთ სქელ ჭურჭელში, რომელიც წინასწარ იქნება გამთბარი და ასევე თავდახურულ მდგომარეობაში ჩავორთქლოთ.“

ექიმის თქმით, პროდუქტებში ისეთი ნივთიერებაც შედის, რომლისთვისაც, პირიქით საჭიროა თერმული დამუშავება:

„რაც შეეხება მეორე კომპონენტს, გაგიკვირდებათ და ამ პროდუქტებში შემავალი ერთი ნივთიერება თერმული დამუშავების შედეგად უკეთ გადარჩება. ეს არის ვიტამინი უ, რომელიც ფართოდ ცნობილი, თუმცა გავრცელებულია პროდუქტებში და მისი დამატება ხშირად არ გვჭირდება. ამ ვიტამინის დახმარებით ჩვენს უჯრედებს კარგად აღდგენის უნარი აქვთ.“

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ

რძის პროდუქტის როლი ბავშვთა კვებაში

რძის პროდუქტის როლი ბავშვთა კვებაში

ჯანმრთელი ბავშვი ძლიერი იმუნიტეტით, ალბათ, ყველა დედის ოცნებაა. ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისი მუცლადყოფნის პერიოდში იწყება და დაბადების პირველი წუთებიდან მის ზრდასრულობამდე გრძელდება. განსაკუთრებული როლი კი ამ ყველაფერში ეკოლოგიასთან და გარემო პირობებთან ერთად, რა თქმა უნდა, სწორ კვებას ენიჭება. რა მიკროელემენტები და ვიტამინები სჭირდება ბავშვს და რა როლი უკავია ბავშვთა კვებაში რძეს და რძის პროდუქტებს ამაზე პედიატრს, მედიცინის აკადემიური დოქტორს მაია ჩხაიძეს ვესაუბრეთ.

ქალბატონო მაია, რომელი პროდუქტებია ბავშვთა კვებაში აუცილებელი და რა ადგილი უკავია ამ პროდუქტებში რძეს და მის ნაწარმს?

- რძე და რძის პროდუქტები ბავშვთა კვების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, წარმოადგენენ ცილების და ენერგიის შესანიშნავ წყაროს. ასევე შეიცავენ ვიტამინების და მინერალების ფართო სპექტრს.

რძე და რძის ნაწარმი არის ენერგიის, ცილების, ცხიმების (ძირითადად ნაჯერი), ვიტამინების (რიბოფლავინი, B12, Aდა D ვიტამინი) და მინერალების (კალციუმი, იოდი, ფოსფორი, თუთია) წყარო. ეს ჯგუფი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის და ჯანსაღი კბილებისათვის.

ცილას აქვს ყველა უჯრედში, სტრუქტურული და ფუნქციური როლი და უმნიშვნელოვანესია ზრდისთვის. ცილაზე მოთხოვნილება შეესაბამება სხეულის ზომებს და ასაკს. მისი კარგი წყაროა: უცხიმო ხორცი, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები, რძე, რძის ნაწარმი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული და მცენარის თესლები.

რას იღებს ბავშვი რძითა და რძის პროდუქტებით?

- რძის პროდუქტებთან ერთად ბავშვის ორგანიზმი ღებულობს ყველაზე მეტად ვიტამინ D-ს და კალციუმს. ვიტამინი D აძლიერებს კალციუმის შეწოვას, რაც მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის და ჯანმრთელი კბილებისთვის. მისი ნაკლებობა ბავშვებში ძირითადად რაქიტის სახით გამოვლინდება. ვიტამინი D-ს საკვები წყაროები ცოტაა, ამიტომაც ვიტამინი D-ს ადექვატური რაოდენობის მიღება მხოლოდ საკვებით რთულია. მზის სხივები ან ულტრაიისფერი სხივები ვიტამინი D-ს კიდევ ერთი წყაროა. ამიტომ პედიატრები ხშირად ვურჩევთ მშობლებს მზის აბაზანებს, სუფთა ჰაერზე ბავშვის გასეირნებას... ჩვილი ბავშვებისათვის ასევე რეკომენდებულია ვიტამინი D-ს 400 ს.ე. (10 მკგ) მიღება დღეში ერთხელ

საკვები პროდუქტების უმეტესობა D ვიტამინს არ შეიცავს. შედარებით მდიდარია ამ ვიტამინით ცხიმიანი თევზი. ვეგეტარიანელი ბავშვისთვის D ვიტამინის ალტერნატიულ წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს D ვიტამინით გამდიდრებული რძე ან მარცვლოვნები.

ასევე უმნიშვნელოვანესია რძის მიღება კალციუმის თვალსაზრისით. კალციუმი აუცილებელია ძვლებისთვის და კბილებისთვის. რძე და ზოგიერთი რძის ნაწარმი (მაგ. იოგურტი, მაწონი და ყველი) კალციუმის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რძეს კალციუმის საბადოსაც ვეძახით.

ბავშვებს კალციუმზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე 2-3 ულუფა რძის ან რძის ნაწარმის მიღება სჭირდებათ. დაბალცხიმიანი რძე და რძის ნაწარმი შეიცავს იმდენ ან იმაზე მეტ კალციუმს, რამდენიც არის ჰომოგენიზებულ და ცხიმმოუხდელ რძეში.

ბავშვებისთვის ვინც ვერ/არ იღებს ძროხის რძეს, რეკომენდებულია კალციუმით გამდიდრებული ალტერნატიული რძე. რძის შაქრის, ლაქტოზის აუტანლობისას ასევე რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვმა მიიღოს ულაქტოზო რძე და მისი ნაწარმი. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი კალციუმით და ვიტამინი D მდიდარ პროდუქტებს მაინც არ იღებს, საჭიროა ამ პრეპარატების დამატებით მიცემა.

კალციუმის წყაროს 75 პროცენტს რძე და რძის ნაწარმი შეადგენს. ვეგეტარიანელი ბავშვების შემთხვევაში თუ ის რძეს არ სვამს, ყოველდღიურად უნდა იღებდეს კალციუმით მდიდარ საკვებს (ბროკოლი, ჩინური კომბოსტო, თხილეული, თესლეული) ან კალციუმით გამდიდრებულ მარცვლეულს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო რძის პროდუქტებში მაწონი, რომელიც ენდემური პროდუქტია. მაწონი ტრადიციული ქართული რძემჟავა პროდუქტია. რძემჟავა პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა მათში შემავალი ბაქტერიების გამო. აღნიშნული ბაქტერიები - პრობიოტიკები - ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებსაც შეუძლიათ სარგებლობა მოუტანონ ადამიანს, კერძოდ, დადებითი გავლენა მოახდინონ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე. პრობიოტიკები ორგანიზმის მეგობარ ბაქტერიად მიიჩნევა. ისინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აძლიერებენ. პრობიოტიკებს ხშირად კეთილ ბაქტერიებს უწოდებენ, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ცუდ ბაქტერიებს ებრძვიან. ისინი ერთგვარი ბარიერის ეფექტს ქმნიან, ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავენ, ამასთან, ანთების განვითარების რისკსაც ამცირებენ, რადგან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას უშლიან ხელს. გარდა ამისა, პრობიოტიკების დახმარებით ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურად მოქმედებს.

პრობიოტიკების ჯგუფში ბევრი ტიპის ბაქტერია შედის. განსაკუთრებით სასარგებლო ბაქტერიებად მიიჩნევა ლაქტობაცილა, ანუ რძისმჟავას ბაქტერია და ბიფიდობაქტერია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა რძემჟავა ბაქტერიის შემცველი საკვები რეგულარულად მიიღოს. ამ მხრივ, მაწონი, რომელიც ენდემურ დედოზეა დამზადებული, ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივ პრობიოტიკებს შეიცავს. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული რძემჟავა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაწვნის შენახვის ვადა საკმაოდ ხანმოკლეა.

მაია ჩხაიძე - პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

საქართველოს პედიატრთა აკადემიის გამგეობის თავმჯდომარე

R.

წაიკითხეთ სრულად