ნუტრიციოლოგები საუზმეს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. დილით მირთმეული საკვები დღის განმავლობაში თქვენს განწყობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. დიეტაზე მყოფი ადამიანები განსაკურებულ კვების რეჟიმს იცავენ, თუმცა საუზმის მირთმევა მათთვისაც აუცილებელია. რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ დილით, თუ წონაში დაკლება გსურთ? ამ კითხვაზე პასუხს გამოცდილი დიეტოლოგები გაგცემენ. ჩვენს სტატიაში ექსპერთა რჩევებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით საკვები რაციონის დაბალანსებას და ჯანსაღი საუზმის თამამად მირთმევას შეძლებთ.
წონაში კლება თუ გსურთ, ყოველდღიურად ჯანსაღი პროდუქტებით უნდა ისაუზმოთ. როგორც წესი, დილით ადამიანებს ძალიან ცოტა დრო აქვთ, რის გამოც დიეტური კერძების მომზადება უჭირთ. ადამიანებს, რომლებიც ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას ცდილობენ, ისეთი პროდუქტებით საუზმობა სჭირდებათ, რომლებიც არა მხოლოდ წონაში კლებას უწყობს ხელს, არამედ ორგანიზმს ენერგიითაც ამარაგებს.
ყოველდღიურად თუ ვარჯიშობთ, საუზმის გამოტოვებას არც ამ შემთხვევაში გირჩევთ. უზმოზე ვარჯიში თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ფიზიკური დატვირთვისთვის საჭირო ამტანობისა და გამძლეობისთვის საუზმის მირთმევა აუცილებლად დაგჭირდებათ.
კვების მოწესრიგებული რეჟიმი სისხლში შაქრის შემცველობის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ, ამავე დროს, შიმშილის შეგრძნებაც ნაკლებად შეგაწუხებთ. მართალია, თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური კვების რეჟიმი და რაციონი სჭირდება, მაგრამ კვლევებით დგინდება, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, კარგი ფიზიკური ფორმით გამოირჩევიან, მათ ჭარბწონიანობის პრობლემა ნაკლებად აწუხებთ. საუზმე არა მხოლოდ დანაყრებაში გეხმარებათ, ის გონებრივი სამუშაოს ეფექტურად შესრულებასა და განწყობის ამაღლებაშიც გიწყობთ ხელს.
დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის საუზმეზე ნებისმიერი სახის საკვების მირთმევა სასურველი არ არის. თუ თქვენ წონის დაკლება გსურთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც დანაყრებაში დაგეხმარებათ და შიმშილის გრძნობას გაგიქრობთ.
საუზმე რომ ნოყიერი გამოგივიდეთ, უპირატესობა უჯრედისითა და ცილით მდიდარ პროდუქტებს უნდა მიანიჭოთ. კვლევებით მტკიცდება, რომ ბოჭკოვანი საკვები დანაყრების შეგრძნებას უწყობს ხელს და სისავსის შეგრძნებას სწრაფად გიჩენთ.
უჯრედისით მდიდარი საკვები ინტენსიურ ღეჭვას საჭიროებს, რაც ნაწლავში ჰორმონ ქოლეცისტოკინინის სეკრეციას უწყობს ხელს. აღნიშნული ჰორმონი მადის დაქვეითებაში დაგეხმარებათ. ბოჭკოვანი პროდუქტები ჰორმონ გრელინის გამომუშავებას ამცირებს, აღნიშნული ჰორმონი კი მადას აძლიერებს და მას სხვაგვარად შიმშილის ჰორმონადაც მოიხსენიებენ. რაც უფრო ნელა და ხანგრძლივად ღეჭავთ საკვებს, ტვინს დანაყრების სიგნალის მისაღებად მით უფრო მეტ დროს აძლევთ.
უჯრედისით მდიდარი პროდუქტები კუჭში დიდხანს რჩება, რის გამოც დანაყრების შეგრძნება ხანგრძლივად არ გტოვებთ, შესაბამისად ზედმეტი და არასაჭირო ხემსისგანაც დაცული ხართ. საუზმეზე კვების ექსპერტები მთლიანი მარცვლეულით მომზადებული კერძების მირთმევას გირჩევენ, უპირატესობა შვრიას და ბურღულეულს უნდა მიანიჭოთ. აღნიშნული პროდუქტებით სხვადასხვა კერძის მომზადება შეგიძლიათ.
ჯანსაღი საუზმის მოსამზადებლად, ლობიოს, სოკოს, პომიდვრისა და ისპანახის გამოყენებაც შეგიძლიათ. დილით ცოცხალი ხილის მირთმევაც ძალიან სასარგებლოა.
საუზმე ცილოვანი პროდუქტებითაც უნდა გაამდიდროთ. ცილის რაციონში ჩართვა დანაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს და დღის განმავლობაში გადაძღომისგანაც გიცავთ. უპირატესობა ნაკლებად ცხიმიან რძეს, იოგურტს, სოიოს რძეს, კვერცხს, თხილს და ნიგოზს მიანიჭეთ.
კვლევებით დგინდება, რომ ადამიანები, რომლებიც ცილით მდიდარ საუზმეს მიირთმევენ, დღის განმავლობაში გაცილებით ნაკლებს ჭამენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც საუზმეზე ცილოვანი პროდუქტებით არ იკვებებიან. სოკოთი და ისპანახით მოზმადებული კვერცხის მირთმევა არა მხოლოდ დანაყრებაში დაგეხმარებათ, არამედ ენერგიითაც აგავსებთ და ბოჭკოს მარაგსაც შეგივსებთ.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი დღის განმავლობაში მხოლოდ 18 გრამ ბოჭკოს იღებს, რეკომენდებული 30 გრამის ნაცვლად, რაც სავალალო მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, დიეტოლოგები თვლიან, რომ ლობიოს, მარცვლეულის, თხილის და სხვა სასარგებლო პროდუქტების საუზმეში ჩართვა აუცილებელია.
მომზადებულია express.co.uk-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა