Baby Bag

​5 საუკეთესო პროდუქტი გრიპისა და გაციების წინააღმდეგ

​5 საუკეთესო პროდუქტი გრიპისა და გაციების წინააღმდეგ
მშობლები ძალიან ღელავენ, როდესაც შვილებს გრიპის ან გაციების არასასიამოვნო სიმპტომებს ​შენიშნავენ. ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებაზე ზრუნვა მსგავსი უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. აუცილებელია პატარებს ხშირად მიაწოდოთ ისეთი საკვები პროდუქტები ან სითხეები, რომლებიც მათ გრიპისა და გაციების დამარცხებაში შეუწყობს ხელს, გარდა ამისა სწორი კვებით სეზონური ვირუსებისა და გრიპების პრევენციაც არის შესაძლებელი.

სოლიდური ძილის რეჟიმი და ჯანსაღი კვება ძლიერი იმუნური სისტემის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. გთავაზობთ იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მირთმევა ბავშვებს გრიპისა და გაციების სწრაფად დამარცხებაში დაეხმარება.

იოგურტი

ბავშვის ორგანიზმი პრობიოტიკებით რეგულარულად უნდა მოამარაგოთ. პრობიოტიკი სასარგებლო ბაქტერიაა, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს. ის მავნე მიკროორგანიზმებსა და ვირუსებს ორგანიზმიდან გამოდევნის და ნაწლავური ფლორის სიჯანსაღეს იცავს. იოგურტი და კეფირი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება. თუ თქვენი შვილი მათ მიღებაზე კატეგორიულ უარს გიცხადებთ, დახმარებისთვის პედიატრს მიმართეთ. ის პრობიოტიკების ალტერნატიულ წყაროს შემოგთავაზებთ.

ტკბილი კარტოფილი

ტკბილი კარტოფილი გარდა იმისა, რომ საკვებად გემრიელია, დიდი რაოდენობით ვიტამინ A-საც შეიცავს, რომელიც თავის მხრივ, პირის ღრუს, სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ვიტამინია. ნახევარი ფინჯანი ტკბილი კარტოფილი ბავშვისთვის საჭირო ვიტამინ A-ს დღიურ დოზას შეიცავს. ვიტამინ A-ს მაღალი შემცველობით გამოირჩევა შემდეგი პროდუქტებიც: სტაფილო, წითელი წიწაკა, მანგო და ატმის ჩირი.

ღორის და საქონლის ხორცი

ხორცი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. პროტეინს იმუნური სისტემის სიჯანსაღეზე უდიდესი გავლენის მოხდენის უნარი აქვს. ღორისა და საქონლის ხორცი თუთიის საკმაოდ მაღალი შემცველობითაც გამოირჩევა. ეს უკანასკნელი კი ორგანიზმში ლიმფოციტების წარმოების პროცესს უწყობს ხელს, რომელიც თავის მხრივ იმუნური სისტემის გაჯანსაღებას უზრუნველყოფს. თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს კეშიუ და თურქული ბარდაც.

ქათმის ბულიონი

ბებიები არ ცდებიან, როდესაც დაბეჯითებით ამბობენ, რომ ბულიონს დასუსტებული ორგანიზმის გაჯანსაღების საოცარი უნარი აქვს. კვლევებით დასტურდება, რომ ქათმის ბულიონის რესპირატორული ვირუსული ინფექციების დასამარცხებლად გამოყენება ძალიან ეფექტურია.

თბილი სითხეები

ადამიანთა უმრავლესობა ერთხმად აღნიშნავს, რომ გაციების ან ვირუსული ინფექციების დროს თბილი სითხეების მიღება მათი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. სითხეების დახმარებით სურდოს, ყელის ტკივილის, სისუსტისა და თავბრუსხვევის დამარცხება შეგიძლიათ. პატარებისთვის სასარგებლო თბილი სითხის მოსამზადებლად უკოფეინო ჩაი და მცირედი თაფლი გამოიყენეთ. მალევე დარწმუნდებით, რომ ბავშვს ყელის ტკივილი და ხველება შეუმცირდება.


ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ბავშვს არამხოლოდ გაციების ან გრიპის დროს, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც უნდა მისცეთ, რათა იმუნური სისტემა გაუძლიეროთ. ძლიერი იმუნიტეტის დახმარებით გრიპისა და გაციების პრევენციას მარტივად შეძლებთ.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ომიკრონის შტამის მიმართ ყველაზე მაღალი დაცვის მქონე პირების შესახებ ისაუბრა:

„დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ომიკრონთან მიმართებაში დაცულობის მასშტაბი ასე ლაგდება: ორი ვაქცინით აცრილი, მერე ბუნებრივი გზით გადატანილი, მერე ბუსტერული დოზით აცრილი და შემდგომ გადატანილი და ბუსტერული დოზით აცრილი ადამიანი. ჩვენ თუ შევხედავთ, ახლა ეს გრადაციაა.“

„ყველაზე სუსტი დაცვა აქვს ორჯერ ვაქცინირებულს, მერე აქვს შედარებით უფრო ყოჩაღი ბუნებრივად გადატანილს, ოღონდ ახლოს არიან ესენი ძალიან და რეინფიცირების რისკები ძალიან ახლო-ახლოა. შემდგომ ყველაზე ეფექტიანი დაცვა, თითქმის 75% და 90%-ს უახლოვდება მძიმე დაავადებისგან დაცვა სამჯერ აცრილ ადამიანებში, თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და თან სამი ვაქცინა გაიკეთა, მას სუპერიმუნიტეტი აქვს. ასეთი ტერმინიც კი შემოიტანეს. ის არის ყველაზე დაცული,“ - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“


წაიკითხეთ სრულად