Baby Bag

„მე რომ ვიყო მშობელი, დილის საათებში ბავშვს მივცემდი კვერცხს და იოგურტს,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ 8 სუპერსაკვები დაასახელა, რომელიც ბავშვის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება:

„გაგიზიარებთ 8 სუპერსაკვებს, რომლებიც ბავშვის სხეულს ძალიან სჭირდება. ბავშვის სხეული და ზრდასრულის სხეული ერთი და იგივე არ არის. ბავშვის სხეული ვითარდება და რადგან ის ვითარდება, მან ყველა ელემენტი, ვიტამინი და ამინომჟავა დროულად უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განვითარება ფერხდება, არა მარტო სიმაღლეში, არამედ შინაგანი ორგანოების კუთხითაც. მათ შორის, იზღუდება გონებრივი რესურსიც. მე რომ ვიყო მშობელი,დილის საათებში ბავშვს მივცემდი კვერცხს და იოგურტს. კვერცხში ყველაფერია, რაც ბავშვის სხეულს განვითარებისთვის სჭირდება. კვერცხის ცილაში თითქმის ყველა ამინომჟავაა, რომ ადამიანის სხეულში ნებისმიერი ცილა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, კვერცხის ცილა ბავშვისთვის იდეალური საკვებია. მაგრამ, ყვითრიც არ დაგავიწყდეთ. ყვითრში B ვიტამინი ძალიან დიდი რაოდენობითაა. მათ შორის, B12 ვიტამინი, რაც ნერვულ სისტემას სჭირდება. იოგურტში ძალიან დიდი რაოდენობითაა კალციუმი და ფოსფატები, რაც კბილების, ძვლების ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი. იოგურტში საკმარისი რაოდენობითა არის  პრობიოტიკებიც, რომელიც მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასაზრდოებს, რაც ბავშვს სჭირდება, რათა იმუნური სისტემა სწორად განვითარდეს.

სკოლაში წასვლის წინ ბავშვს გავატანდი ბანანის, სტაფილოსა და ავოკადოს დაბლენდერებულ მასას. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სტაფილოში A ვიტამინია, რომელიც თვალის ბადურას ეხმარება, რათა ყველაფერი კარგად დავინახოთ. ბავშვი მთელი დღე კითხულობს, ამიტომ მის თვალებს სწორად ჩამოყალიბებული ბადურა სჭირდება. A ვიტამინი მხოლოდ მხედველობას არ ეხმარება, არამედ კანსაც აუმჯობესებს. ბავშვებში კანი საკმაოდ პრობლემური ორგანოა. საკმარისია გამონაყარი გაჩნდეს, რომ ბავშვის სოციალური აქტივობა მცირდება. სტაფილო კარგი გამოსავალი იქნება როგორც თვალისთვის, ასევე კანისთვისაც. ბანანში არსებული მარტივი ნახშირწყლები იდეალური გამოსავალია ენერგიის აღსადგენად. ასევე, მასში კალიუმიცაა. ძალიან ბევრი B ვიტამინიცა, მათ შორის, B6, B1 B12. გარდა ამისა, ბანანში დიდი რაოდენობითაა სეროტონინი, რაც ასევე ეხმარება ბავშვს, რომ განწყობა შეინარჩუნოს. ავოკადოში ძალიან ბევრი ამინომჟავაა. ცილოვანი საკვების კუთხით ავოკადო იდეალურია.

შუადღით სახლში რომ დაბრუნდება ბავშვი, მას უნდა მივცეთ ისეთი საკვები, რომელიც რკინას შეიცავს. რკინისთვის იდეალურია წითელი ხორცი. ხორცის მიცემა იდეალური გამოსავალი იქნებოდა. ხორცი ძვირია, ამიტომ შეგიძლია პერიოდულად მის ნაცვლად გამოიყენო მარცვლეული. ქათმის ხორცშიც არის საკმარისი რაოდენობით რკინა და ვიტამინი B6, რომელიც ენერგიის წყაროა.

საღამოს საათებში შეიძლება მიმეცა წითელი კარტოფილი. მასში ძალიან ბევრი ბოჭკოა, რაც მსხვილ ნაწლავს ეხმარება სწორ პერესტალტიკაში. გარდა ამისა, მასში დიდი რაოდენობით არის კალიუმი, რომელიც ბავშვს სჭირდება, რომ მისი კუნთოვანი და ნერვული ქსოვილი სწორად განვითარდეს,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად