Baby Bag

„მე რომ ვიყო მშობელი, დილის საათებში ბავშვს მივცემდი კვერცხს და იოგურტს,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ 8 სუპერსაკვები დაასახელა, რომელიც ბავშვის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება:

„გაგიზიარებთ 8 სუპერსაკვებს, რომლებიც ბავშვის სხეულს ძალიან სჭირდება. ბავშვის სხეული და ზრდასრულის სხეული ერთი და იგივე არ არის. ბავშვის სხეული ვითარდება და რადგან ის ვითარდება, მან ყველა ელემენტი, ვიტამინი და ამინომჟავა დროულად უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განვითარება ფერხდება, არა მარტო სიმაღლეში, არამედ შინაგანი ორგანოების კუთხითაც. მათ შორის, იზღუდება გონებრივი რესურსიც. მე რომ ვიყო მშობელი,დილის საათებში ბავშვს მივცემდი კვერცხს და იოგურტს. კვერცხში ყველაფერია, რაც ბავშვის სხეულს განვითარებისთვის სჭირდება. კვერცხის ცილაში თითქმის ყველა ამინომჟავაა, რომ ადამიანის სხეულში ნებისმიერი ცილა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, კვერცხის ცილა ბავშვისთვის იდეალური საკვებია. მაგრამ, ყვითრიც არ დაგავიწყდეთ. ყვითრში B ვიტამინი ძალიან დიდი რაოდენობითაა. მათ შორის, B12 ვიტამინი, რაც ნერვულ სისტემას სჭირდება. იოგურტში ძალიან დიდი რაოდენობითაა კალციუმი და ფოსფატები, რაც კბილების, ძვლების ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი. იოგურტში საკმარისი რაოდენობითა არის  პრობიოტიკებიც, რომელიც მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასაზრდოებს, რაც ბავშვს სჭირდება, რათა იმუნური სისტემა სწორად განვითარდეს.

სკოლაში წასვლის წინ ბავშვს გავატანდი ბანანის, სტაფილოსა და ავოკადოს დაბლენდერებულ მასას. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სტაფილოში A ვიტამინია, რომელიც თვალის ბადურას ეხმარება, რათა ყველაფერი კარგად დავინახოთ. ბავშვი მთელი დღე კითხულობს, ამიტომ მის თვალებს სწორად ჩამოყალიბებული ბადურა სჭირდება. A ვიტამინი მხოლოდ მხედველობას არ ეხმარება, არამედ კანსაც აუმჯობესებს. ბავშვებში კანი საკმაოდ პრობლემური ორგანოა. საკმარისია გამონაყარი გაჩნდეს, რომ ბავშვის სოციალური აქტივობა მცირდება. სტაფილო კარგი გამოსავალი იქნება როგორც თვალისთვის, ასევე კანისთვისაც. ბანანში არსებული მარტივი ნახშირწყლები იდეალური გამოსავალია ენერგიის აღსადგენად. ასევე, მასში კალიუმიცაა. ძალიან ბევრი B ვიტამინიცა, მათ შორის, B6, B1 B12. გარდა ამისა, ბანანში დიდი რაოდენობითაა სეროტონინი, რაც ასევე ეხმარება ბავშვს, რომ განწყობა შეინარჩუნოს. ავოკადოში ძალიან ბევრი ამინომჟავაა. ცილოვანი საკვების კუთხით ავოკადო იდეალურია.

შუადღით სახლში რომ დაბრუნდება ბავშვი, მას უნდა მივცეთ ისეთი საკვები, რომელიც რკინას შეიცავს. რკინისთვის იდეალურია წითელი ხორცი. ხორცის მიცემა იდეალური გამოსავალი იქნებოდა. ხორცი ძვირია, ამიტომ შეგიძლია პერიოდულად მის ნაცვლად გამოიყენო მარცვლეული. ქათმის ხორცშიც არის საკმარისი რაოდენობით რკინა და ვიტამინი B6, რომელიც ენერგიის წყაროა.

საღამოს საათებში შეიძლება მიმეცა წითელი კარტოფილი. მასში ძალიან ბევრი ბოჭკოა, რაც მსხვილ ნაწლავს ეხმარება სწორ პერესტალტიკაში. გარდა ამისა, მასში დიდი რაოდენობით არის კალიუმი, რომელიც ბავშვს სჭირდება, რომ მისი კუნთოვანი და ნერვული ქსოვილი სწორად განვითარდეს,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​დადგენილია, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები სასუნთქი სისტემის პრობლემების გამო 25%-ით უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში - რა უპირატესობები აქვს ბუნებრივ კვებას ხელოვნურ კვებასთან შედარებით?

​დადგენილია, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები სასუნთქი სისტემის პრობლემების გამო 25%-ით უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში - რა უპირატესობები აქვს ბუნებრივ კვებას ხელოვნურ კვებასთან შედარებით?

რა უპირატესობები აქვს ბუნებრივ კვებას ხელოვნურ კვებასთან შედარებით, როგორც დედისთვის, ასევე შვილისთვის და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ხელოვნური კვების შემთხვევაში? ამ საკითხებზე ​Momsedu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.

- ვიცით, რომ ბუნებრივი კვება მეტად სასარგებლოა პატარასთვის, თუმცა თუ მშობელი გადაწყვეტს, ხელოვნურად გამოკვებოს შვილი, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს ამას?

​- მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციები თანმხდებიან, რომ ძუძუთი კვება საუკეთესოა, როგორც დედისთვის ასევე ბავშვისთვის. ბევრ ქალს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გადაუწყვეტია, კვებოს თუ არა ბავშვი ბუნებრივი გზით. სასურველია, ბავშვის დაბადებამდე მშობლებმა სპეციალისტებისგან მეტი ინფორმაცია მიიღონ.

​თუ რაიმე მიზეზის გამო ძუძუთი კვება დედას არ შეუძლია, არსებობს ხელოვნური ნარევები, რომლებიც დედის რძის კარგი კვებითი ღირებულების მქონე ალტერნატივაა. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა აიწონოს ის ბევრი სარგებელი, რაც ძუძუთი კვებას აქვს, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. თუ ბავშის დაბადებისთანავე დაიწყება ხელოვნური ნარევით კვება, მოგვიანებით ბუნებრივ კვებაზე გადასვლა შეიძლება გაძნელდეს. რძის გამომუშავების პროცესი, რომელსაც ლაქტაცია ეწოდება, განსაკუთრებით სრულფასოვანია, როდესაც ძუძუთი კვება დაბადებისთანავე იწყება.


​ხელოვნური რძის მწარმოებლებმა ვერ მიაკვლიეს იმ გზას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დედის რძის მსგავსი შემადგენლობის ნარევის წარმოება. დღემდე ითვლება, რომ დედის რძე არის უნიკალური. აგრეთვე ხელოვნური ნარევის რძეს არ აქვს ბავშვისთვის საჭირო მთავარი ინგრედიენტები, შემადგენლობაში არ შედის ანტისხეულები და სხვა კომპონენტები, რომელსაც მხოლოდ დედის რძე შეიცავს. დადგენილია, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები სასუნთქი სისტემის პრობლემების გამო 25%-ით უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში.

​ამასთან, ხელოვნური რძე არის ძვირი და შესაძლოა, ზოგიერთი ოჯახისათვის ფინანსურად მიუწვდომელი იყოს.

​- რა უპირატესობები აქვს ბუნებრივ კვებას დედისთვის და ბავშვისთვის?

​- ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევს, რომ ექსკლუზიურად ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს 6 თვემდე, შემდეგ დამატებით მყარ საკვებთან ერთად, ყველაზე მცირე, ერთი წლის ასაკამდე. ერთი წლის შემდეგ ძუძუთი კვება შეიძლება, გაგრძელდეს მანამდე, სანამ დედას და ბავშვს ამის სურვილი აქვთ.

​ჩვილისთვის დედის რძე იდეალურ საკვებად ითვლება. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილებია: შაქარი (ლაქტოზა), იოლად მოსანელებელი ცილა (შრატი და კაზეინი), და ცხიმი (ადვილად მოსანელებადი ცხიმოვანი მჟავები). ეს ყველაფერი ზუსტად ისეთ პროპორციებშია, როგორც ბავშვს სჭირდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ძუძუთი კვება ბავშვის ჯანმრთელობისთვის მრავალმხრივ სასარგებლოა. ხელოვნური ნარევით გამოკვებილ ბავშვებთან შედარებით, დედის რძით გაზრდილ ბავშვებს ნაკლებად აღენიშნებათ: ყურის ინფექციები, ალერგია, კუჭ-ნაწლავის ინფექციები, რომლებიც იწვევს ღებინებას და ფაღარათს, სასუნთქი სისტემის დაავადებები, მათ შორის, ფილტვების ანთება, დიაბეტი (I და II ტიპი), სიმსუქნე მოზარდობასა და მოზრდილობის ასაკში, ბავშვთა ლეიკემია და ლიმფომა, უეცარი სიკვდილის სინდრომი. გარდა ამისა, დედის რძე შეიცავს უამრავ მინერალს და ვიტამინს, ასევე ფერმენტებს, რომლებიც ეხმარება საჭმლის მონელებისა და შეწოვის პროცესში. ხელოვნურ ნარევში საკვები ნივთიერებების ეს თანაფარდობა მხოლოდ მიახლოებულია დედის რძესთან. ის არ შეიცავს ყველა ფერმენტს, ანტისხეულს, ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს და ქალის რძის სხვა ბევრ ღირებულ ნივთიერებას.

​არსებობს ბევრი პრაქტიკული მიზეზი, რის გამოც სჯობს, დედამ ბავშვი ძუძუთი გამოკვებოს. დედის რძე ხელოვნურ ნარევთან შედარებით იაფია. მართალია, დედას უწევს ჯანსაღი კვების რაციონის შერჩევა და მიღებული კალორიების რაოდენობის გაზრდა, მაგრამ ეს ხარჯები ხელოვნური ნარევის ფასთან შედარებით, ძალიან მცირეა. ამასთან ერთად, დედის რძე არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროსა და ადგილას. გარდა ამისა, გარკვეული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დედები, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვებს, ადვილად უბრუნდებიან ორსულობამდელ წონას. ძუძუთი კვება ქალს უმცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, დიაბეტის და მოგვიანებით ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკს, ამიტომაც პედიატრთა უმრავლესობა ორსულებს და ახალბედა დედებს დაჟინებით ურჩევს ბავშვის ძუძუთი გამოკვებას.

​ბუნებრივ კვებას ფსიქოლოგიური და ემოციური სარგებელიც დიდი აქვს, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. ძუძუთი კვების დროს კანით კანთან კონტაქტი ამშვიდებს ბავშვს და სასიამოვნოა დედისთვის. რძის წარმოებასა და გამოყოფაში მონაწილე ჰორმონები შესაძლოა, ხელს უწყობდნენ დედობრივი გრძობების გაღრმავებას, თავდაჯერებულობაც ემატებათ და რწმუნდებიან, რომ ნამდვილად აქვთ ბავშვის მოვლის და გაზრდის უნარი. თუ ძუძუთი კვება ნორმალურად მიმდინარეობს, მას ბავშვისთვის ზიანის მოტანა არ შეუძლია.

​ძუძუთი კვებასა და ხელოვნური ნარევით კვებას დაახლოებით ერთი და იგივე დრო სჭირდება, მაგრამ ბუნებრივი კვების დროს დედა მთელ ამ დროს ბავშვთან ატარებს. ხელოვნური ნარევით კვებისას კი მეტი დრო მიდის საკვების ყიდვასა და ჭურჭლის რეცხვაში. ბავშვთან გატარებული დრო მისი ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია და დედისთვისაც სასიამოვნოა.

​- ბუნებრივი კვებიდან ხელოვნურ კვებაზე გადაყვანამ შეიძლება თუ არა გამოიწვიოს გართულებები?

​- ბუნებრივი კვებიდან ხელოვნურ ნარევზე გადასვლამ შესაძლოა, გამოავლინოს ბავშვის ალერგიული განწყობა ძროხის რძის ცილის მიმართ, ამიტომ საკვების შეცვლა იწყება მცირე დოზებით და ადაპტაციისთვის საჭიროა რამდენიმე დღე. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ბავშვის პირად ექიმს.

​ზოგჯერ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები უარს აცხადებენ ბოთლით კვებაზე ამ პროცესსაც სჭირდება გარკვეული პერიოდი.

​- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ხელოვნური საკვების შერჩევისას?

​- არ არსებობს ხელოვნური ნარევი, რომელიც განსაკუთრებულად გაჯერებულია მინერალებით და ვიტამინებით. ხელოვნური ნარევის საკვების შერჩევისას გასათვალისწინებელია: საკვების ხარისხი, და ვარგისიანობა.

​ბავშვებს, რომელთაც აქვთ დადასტურებული გარკვეული დაავადებები და მოითხოვენ სპეციალურ კვებას, მათთვის იწარმოება სპეციალიზირებული ხელოვნური ნარევი.

​პედიატრი ამერიკის პედიატრთა ასოციაციის გაიდლაინებზე დაყრდნობით საუბრობს


​​ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად