რატომ?! სამედიცინო სერვისების მნიშვნელობასა და ხარისხზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი გიორგი კორძახია 22-წლიანი გამოცდილებით MomsEdu.ge
„კლინიკების უპირველესი პრიორიტეტი პაციენტთა უსაფრთხოებაა. ჩვენს სამედიცინო მომსახურებებზე მუდმივად მზარდმა მოთხოვნამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, რაც არსებულზე მეტად გაუმჯობესებულ, სისტემურ მიდგომებს გულისხმობს. ამ მიმართულებით „ნიუ ჰოსპიტალსში“ არაერთი პროტოკოლი დაინერგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი სიცოცხლის გადამრჩენი 3 პროცედურაა...“
სამიდან პირველი „ლურჯი კოდის“ შემუშავებაა, რას გულისხმობს ის?
გიორგი კორძახია: „ლურჯი კოდი“ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის მართვის პროტოკოლია, რომელიც მდგომარეობის დადგომიდან კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებამდე დროის მაქსიმალური შემცირებისკენაა მიმართული. მისი დახმარებით კლინიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადამიანისთვის (პაციენტი, ვიზიტორი და სხვა) გადაუდებელი სამედიცინო სიტუაციის ოპერატიული და ეფექტური მართვის უზრუნველყოფა შეგვიძლია. რეანიმაციულ ბრიგადასთან სწრაფი კომუნიკაციისთვის კლინიკის მთელ ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალური ღილაკები, რომელთა გააქტიურებისას მყისიერად მისდის ინფორმაცია გადაუდებელი შემთხვევის ზუსტი ლოკაციის შესახებ. ასევე გვაქვს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ეტლები, რომლებიც შესაბამისი მოწყობილობებითაა ეკიპირებული. „ლურჯი კოდის“ არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის სარეანიმაციო ღონისძიებების ეფექტურობას.“
პაციენტის არასწორი იდენტიფიკაცია სამედიცინო დაწესებულებებში გავრცელებულ პრობლემადაა აღიარებული. შეცდომამ კი შესაძლოა, ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს.
რისკის შესამცირებლად „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტთა იდენტიფიკაციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროტოკოლი დაინერგა, მის დატვირთვაზე რომ ვისაუბროთ...
გიორგი კორძახია: „კლინიკაში ყოფნისას პაციენტთან ურთიერთობა არაერთ სამედიცინო პერსონალს უწევს. იმისათვის, რომ ადამიანური შეცდომები გამოვრიცხოთ, პაციენტებისთვის აუცილებელია საიდენტიფიკაციო სამაჯურის მუდმივი ტარება, რომელზეც დატანილი ელექტრონული შტრიხკოდითა და ინფორმაციით სამედიცინო პერსონალის მხრიდან მონაცემების გადამოწმება ყოველი პროცედურის წინ ხდება.“
ქირურგიული ჩარევების და ინვაზიური პროცედურების დროს პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ნიუ ჰოსპიტალსში“ უსაფრთხო ქირურგიის პროგრამაა დანერგილი. უფრო კონკრეტულად რომ გავაცნოთ მკითხველს მისი არსი:
გიორგი კორძახია: „პროგრამის ძირითად კომპონენტებს საოპერაციო არის წინასწარი მარკირება და სამჯერადი პაუზა წარმოადგენს, წინასწარ განსაზღვრული კითხვარის შევსების მიზნით.
პირველი პაუზა უშუალოდ ანესთეზიის დაწყების წინაა, მეორე - ქირურგიული ან ინვაზიური პროცედურის დაწყებამდე, ხოლო მესამე - ოპერაციის დასრულების შემდეგ.
პროცესის მსვლელობისას საბოლოოდ მოწმდება და დასტურდება ყველა დეტალი (იქნება ეს აპარატურის გამართულობა თუ მოსალოდნელი რისკები, მაგ. ალერგია ან სხვა) შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში კი ნებისმიერ ეტაპზე ვჩერდებით ხარვეზის გამოსწორებამდე, რაც პრობლემის აღმოფხვრას ოპერაციის დაწყებამდე უზრუნველყოფს.
პროტოკოლების დანერგვა პირველი ნაბიჯია, მის ეფექტურ ფუნქციონირებაზე დაკვირვება კი ხანგრძლივი პროცესი. ამ ეტაპზე წარმატებით ვიყენებთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში, რათა ბევრად უფრო თამამად და დარწმუნებით გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები.“
აღსანიშნავია, რომ „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილი სიცოცხლის გადამრჩენი 3 პროცედურა და სხვა პროტოკოლები საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება და ამასთან, ადგილობრივ, სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. კლინიკაში 1800-მდე სამედიცინო პერსონალია, რომლებიც აქტიურად უწყობენ ფეხს ახალ გამოწვევებს და კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე არიან ორიენტირებულნი.
R.