გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„ზღვაზე ბავშვების დასვენება მიზანშეწონილია მაის-ივნისსა და სექტემბერ-ოქტომბერში,“ - პედიატრი ცოტნე ბესელია
პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ბავშვების დასვენებისთვის საუკეთესო კლიმატური კურორტების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჩვილებისთვის დაბალი მთის კლიმატური კურორტებია კარგი:
„ჩვილებისთვის არის ძალიან კარგი დაბალი მთის კლიმატური კურორტები, მაგალითად, წყნეთი. ძალიან კარგია ბორჯომი, სურამი. რაც შეეხება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს, აქ ჩვილობის ასაკიდან როდესაც გადის ბავშვი, მთელი ბავშვობის პერიოდში შეიძლება დაისვენოს ბავშვმა. აქ შედის ბაკურიანი, ცემი, წაღვერი, აბასთუმანი. ბახმარო არის მაღალი მთის კლიმატური კურორტი, რომელიც მდებარეობს 2000 კილომეტრზე ზევით. ასეთი მაღალი მთის კლიმატური კურორტები ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ბახმაროს ეს არ ეხება. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შეზავებულია მთის და ზღვის ჰავა. ის შავი ზღვიდან არის 25 კილომეტრზე დაშორებული, ამიტომ ეს არბილებს ბახმაროს კლიმატს. თითქმის ყველა ბავშვი ბახმაროს ძალიან კარგად იტანს. მათ ჯანმრთელობაზე ეს ძალიან დადებითად აისახება.“
ცოტნე ბესელიას თქმით, ზღვაზე დასვენების საუკეთესო პერიოდი ბავშვებისთვის მაის-ივნისი და სექტემბერ-ოქტომბერია:
„ზღვის კლიმატი არის რბილი. ჩვენთან ზღვაზე არის პერიოდები, როდესაც არის ძალიან მაღალი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა. ზღვაზე ბავშვების დასვენება მიზანშეწონილია მაის-ივნისსა და სექტემბერ-ოქტომბერში. ივლისსა და აგვისტოში ზღვაზე ბავშვების დასვენება მიზანშეწონილი არ არის. ამ პერიოდში, ივლისსა და აგვისტოში ზღვაზე დიდებიც ვერ ვისვენებთ ხოლმე კარგად ისე ცხელა.“
„როდესაც ზღვაზე ბევრი ბავშვი მოიყრის თავს, არის საშიშროება იმის, რომ ერთმანეთს გადასდონ ინფექციები. სხვათა შორის, ეს მთის კურორტებსაც ეხება. ქართველებს ასეთი რაღაც გვახასიათებს, ამოვიჩემებთ რაღაც ერთ კურორტს და დავდივართ იქ. ასე არ ვქნათ ხოლმე, გადავნაწილდეთ. ბაკურიანი გადის საშუალო მთის კლიმატურ კურორტში. ნახეთ, რამდენი სხვა კურორტია აქ. აქ არის ბაკურიანი, წაღვერი, ცემი, აბასთუმანი. ჯერ მთაში უნდა დაისვენოს ბავშვმა, მერე ზღვაზე. ეს არის ეფექტიანი. მთაში ჟანგბადის შემცველობა უფრო ნაკლებია. ამ დროს ორგანიზმი მიმართულია დაბალი შემცველობის ჟანგბადის პირობებში ჰაერიდან ჟანგბადის უკეთ შეთვისებისკენ. ამის შემდეგ ზღვაზე რომ ჩამოვდივართ, აქ ჟანგბადის შემცველობა გაცილებით მაღალია, მაგრამ რამდენად კარგად არის მომზადებული ორგანიზმი მთის შემდეგ იმისთვის, რომ ჰაერიდან ჟანგბადი უკეთ შეითვისოს. ამიტომაც არის ეფექტიანი მთის შემდეგ ზღვაზე დასვენება,“ - აღნიშნულ საკითხზე ცოტნე ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.