გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა იმ ზიანის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ორგანიზმს ტკბილი გაზიანი სასმელებისა და სწრაფი კვების ობიექტების საკვების მირთმევა აყენებს:
„ე.წ. „ჯანქ“ საკვები დამოკიდებულებას იწვევს. როდესაც გვწყურია და მივირთმევთ არა წყალს, არამედ გაზიან ტკბილ სასმელს, წყურვილის შეგრძნებას ის არ გვიკლავს. მაქსიმალურად გაქვს მოთხოვნილება, რომ კიდევ უფრო მეტი მიირთვა. ეს გამომდინარეობს მისი შემადგენლობიდან. მასში შედის აურაცხელი ოდენობით შაქარი, ისევე როგორც კოფეინი, ეს ქმნის ერთგვარ დამოკიდებულებას.“
ქეთი ასათიანის თქმით, ყოველი ნახევარი ლიტრი ტკბილი გაზიანი სასმელის მიღებისას ჩვენ 12 ჩაის კოვზ შაქარს ვიღებთ:
„500 მილილიტრი ტკბილი გაზიანი სასმელი 12 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს. ეს არის ის, რასაც იღებთ თქვენ სითხის სახით. რამდენი ჩაის კოვზი შაქარია დასაშვები ყოველდღიურად ქალისთვის? ქალისთვის დღიური დასაშვები ნორმა არის ექვსი კოვზი. ზაფხულში გაზიან სასმელებს ემატება ნაყინი, ტკბილეული. ამას ემატება ჩაისა და ყავაში გამოყენებული შაქარი, შოკოლადი. ჯამში დღიურად, შესაძლოა, გამოგვივიდეს 22 ჩაის კოვზი შაქრის მიღება.“
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევა, რომელიც 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანებში, რომლებიც კვირაში ორჯერ მიირთმევდნენ კარტოფილ ფრის ორჯერ იყო გაზრდილი ნაადრევი სიკვდილის რისკი. თუ ვართ კარტოფილის მოტრფიალე, შეგვიძლია მივირთვათ გამომცხვარი კარტოფილი. გვერდს ვერ ავუვლით ბურგერსაც. ბურგერში გამოიყენება დამუშავებული ხორცი. დამუშავებული ხორცის მირთმევა ზრდის სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების რისკებს, ისევე როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკებს. აქედან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ, თუ რას მივირთმევთ და რამდენჯერ მივირთმევთ,” - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.