გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
„ერბო არის ერთადერთი ცხიმი, რომელიც უფრო უკეთესი ხდება გაცხელების დროს და მეტ სასარგებლო თვისებას იძენს” - ანა მიქაძე
ქართული რძის პროდუქტების მკვლევარმა ანა მიქაძემ ერბოს სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრა:
„ერთადერთი კუთხეა სამეგრელო, სადაც კარაქს და ერბოს დიდ პატივს არ სცემენ. ამ პროდუქტებს საერთოდ არ იყენებდნენ კვებაში. დასავლეთ საქართველოში ბერძნების გავლენით უფრო პოპულარული იყო ზეთი. საუბარი მაქვს ცივად გამოხდილ ზეთზე. სამეგრელოში მსუქან ადამიანს ნაკლებად შეხვდებით. სულ გამხდრები და გამოწკეპილები არიან. ეს მთლიანად სწორი კვების დამსახურებაა. იქ რაციონში ძალიან დიდია თხის რძე, თხის ხორცი. თხის ქონს მეგრელები სამკურნალოდ გამოიყენებდნენ, არასდროს მას არ გამოიყენებდნენ საკვებში. თხის რძე დედის რძესთან მიახლოვებულია და ისიც სამკურნალოდ გამოიყენება.“
ანა მიქაძის თქმით, ნებისმიერ ქონს კვებითი ღირებულების გარდა, სამედიცინო ღირებულებაც აქვს:
„ნებისმიერი ქონი, მათ შორის ღორის მუცლის ქონიც კი, კვების გარდა სამედიცინო თვალსაზრისითაც გამოიყენება. მას უამრავ მალამოში იყენებდნენ. ასევე იყო თხის ქონიც. რაც შეეხება ერბოს, მის არაჩვეულებრივ თვისებებთან ერთად, ისიც სამკურნალოა. ერბოს ცოტა ჯინჯერი რომ ჩაურიოთ, ცოტა ქონდარი დაამატოთ, გაყინოთ, შემდეგ საკვებს მოაყაროთ, ჩათვალეთ, რომ გაციების წამალს იღებთ, შეიძლება ვაქცინადაც კი გამოდგეს რიგ შემთხვევაში.“
„სად შემორჩა ერბო? ერბო არსად არ შემორჩა საქართველოში წარმოებაში, გარდა აჭარის მთიანეთისა, აღმოსავლეთის მთიანეთისა და მუსლიმ თემში (მარნეული, დმანისი, ქვემო ქართლი, გარდაბანი). აღმოსავლეთ საქართველოში ერბოს განათებისთვისაც იყენებდნენ. ამ თხევად ოქროს ძალიან ბევრი დანიშნულება ჰქონდა. ერბო არის ერთადერთი ცხიმი, რომელიც კიდევ უფრო უკეთესი ხდება გაცხელების დროს და კიდევ უფრო მეტ სასარგებლო თვისებას იძენს,“- აღნიშნულ საკითხებზე ანა მიქაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.