გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
ლიკა ლომიძის თქმით, ყელის ტკივილის დროს ალკოჰოლი და სპირტის შემცველი ხსნარები განსაკუთრებით მავნეა:
„ღვინო კიდევ შეიძლება, რომ დალიო. რაც შეეხება სპირტის შემცველ ხსნარებს, სასტიკი წინააღმდეგები ვართ. პირის ღრუსა და ხახაში ლორწოვანს, პირველ რიგში, ვნებს ალკოჰოლი და სპირტის შემცველი ხსნარები.“
„ტონზილიტი ხშირად მიმდინარეობს ჩირქოვანი პროცესით. ბავშვს ტონზილებში რომ ჩავხედავთ, მშობელიც ხედავს ხოლმე გლანდებზე მოდებულ თეთრ ნადებს. ამის მოცილება არის დაუშვებელი. შესაძლებელია, რომ იქ აღინიშნოს სისხლის წამოსვლა, რაც შემდგომ სეფსისისა და სხვადასხვა საშიშროების წინაშე აყენებს ბავშვს. ძალიან ხშირი იყო პირის ღრუსა და ყელში ნავთის გამოყენება. ნავთის ხშირი გამოყენება ყელის ტკივილისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ის იწვევს ინტოქსიკაციას. რაც შეეხება ლიმონსა და თაფლს, ძალიან კარგი საშუალებებია. ამას ჩვენც ვაღიარებთ და ვიყენებთ,“ - აღნიშნულ საკითხზე ლიკა ლომიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.