გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
თუ სისხლის საერთო ანალიზში ცვლილებებია, რა დაავადებებზე შეგვიძლია ეჭვის მიტანა? - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე
ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ სისხლის საერთო ანალიზში გამოვლენილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა:
„სისხლის საერთო ანალიზი ყველაზე გავრცელებული რუტინული კვლევაა. ის უტარდება ყველა ადამიანს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებას აკითხავს. კარგად წაკითხული სისხლის საერთო ანალიზი უმეტეს შემთხვევაში კარგ ინფორმაციას იძლევა ზოგადად დაავადების შესახებ ან გვეხმარება დასაგეგმი კვლევების დადგენაში. სისხლის საერთო ანალიზის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ანემიის, ანთებითი პროცესის, ონკოლოგიური პათოლოგიის, გადატანილი ინფექციის და უამრავი სხვა რამის შესახებ. სისხლის საერთო ანალიზში მითითებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.“
ნინო შარაშენიძის თქმით, სხვადასხვა პათოლოგიის შესაფასებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტესტს ერითროციტების დალექვის სიჩქარე წარმოადგენს:
„ერითროციტების დალექვის სიჩქარე წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ტესტს ამა თუ იმ პათოლოგიის მიმდინარეობის შესაფასებლად. ეს არის ძალიან ღირებული კვლევა. ის მიგვითითებს რამდენიმე დაავადების განსაზღვრაზე. თუ ადამიანს აქვს ცოტა რაოდენობის ერითროციტი, მაშინ იმ სვეტში, სადაც ხდება სისხლის ნიმუშის დაყენება, სწრაფად დაილექება. ამ დროს შეიძლება იყოს B12 დეფიციტური ანემია. არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ერთ-ერთ კარგ მაჩვენებლად მინიშნების, რომ აუცილებლად უნდა ეძებონ რაიმე პათოლოგია, გამოიყენება ერითროციტების დალექვის სიხშირე.“
„არ შეიძლება, რომ მუდმივად მითითებულ ჩარჩოებში იყოს ადამიანის სისხლის ანალიზი. უნდა იყოს ლოგიკური გადახრა ლეიკოციტების ან მომატებისკენ, ან მოკლებისკენ. არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ლეიკოციტოზი არ ნიშნავს პროცესის ავთვისებიანობას. ეს ნიშნავს უბრალოდ გამოვლინებას ორგანიზმის ნორმალური იმუნიტეტის, რომ გაუმკლავდეს დაავადების ამა თუ იმ გამოვლინებას. ლეიკოციტების რაოდენობა შეიძლება შემცირებული იყოს სხვადასხვა ფორმის ანემიის დროს, ასევე ადამიანებში, რომლებიც არიან იმუნოკომპრომეტირებული, ასევე იმ ადამიანებში, რომლებსაც უტარდებათ კონკრეტული თერაპია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო შარაშენიძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.