როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
დიდი ალბათობით, კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე
,,დიდი ალბათობით, კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე,'' -აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ვაქცინა წლის ბოლოსთვის შეიქმნას:
„იმდენად აქსელერირებულია სამეცნიერო წრეების მუშაობა, რომ სწრაფად შეიქმნას ვაქცინა ან წამალი, დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება. ალბათ, მოისმინეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება, რომ შესაძლებელია, ამ წლის ბოლოს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა იყოს. მე მაინც მგონია, რომ ის, დიდი ალბათობით მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ ცხადია, უცბათ შვიდ მილიარდ ადამიანს ვერ ავცრით. ამიტომ დიდი აქცენტი კეთდება წამლის შემქნაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.