როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
ამირან გამყრელიძის განცხადება იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე
იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო წინა საბჭოზე საუბარი. ახლა, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე ეს გახლავთ ე.წ. ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილება ამ ასაკობრივი გაფართოების შემდგომ. ვფიქრობ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.