როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.
„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.
„ბუნებრივი იმუნიტეტი არსებობს, ის იცავს, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ გამოგვადგება ვაქცინის საწინააღმდეგო არგუმენტად,“ - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა კოვიდის წინააღმდეგ ბუნებრივი იმუნიტეტის ეფექტიანობისა და ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, ბუნებრივი იმუნიტეტი არსებობს, ის იცავს, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ გამოგვადგება ვაქცინის საწინააღმდეგო არგუმენტად. ბუნებრივი იმუნიტეტი და ვაქცინა ერთად არის საუკეთესო დაცვა და რისკების შემცირების გარანტირებული მეთოდი. ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ კოვიდ გადატანილებისთვის მეორე აცრას აზრი არ აქვს და ერთი შეიძლება იყოს საკმარისი. ევროპის მთელი რიგი ქვეყნები კოვიდ გადატანილ მოზრდილებს მოერეჯერ არ ცრიან. ის, რომ კოვიდ გადატანილმა აღარ აიცრას, დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.“
მაია ბუწაშვილის თქმით, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ვაქცინები საშუალოდ 30%-ით გვიცავს:
„ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ საშუალოდ 30%-ია დაცვა. მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ დაცვა აღწევს იმ მაქსიმუმს, რაც ამ ვაქცინისთვის არის შესაბამისი. ვისაც არ აქვს ანტისხეულები, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათ იმუნიტეტი არ აქვთ.“
„რეინფიცირების შემთხვევაში უფრო მსუბუქად უნდა მიდიოდეს დაავადება, მაგრამ ზოგჯერ ეს კანონზომიერება ირღვევა. რეინფექციის დროს პირიქით, უფრო მძიმედ გამოხატული შემთხვევებიც ყოფილა. კოვიდ გადატანილს აცრა როდესაც ემატება, ის ორ-ნახევარჯერ მეტად დაცული ხდება. კოვიდის გადატანიდან ერთ თვეში ადამიანს შეუძლია აიცრას. ჩვენთან ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, უფრო მეტად რატომღაც აქვთ ფაიზერის ვაქცინის შიში. პირველი სამი დღის განმავლობაში ვიზუალურად ფაიზერის ვაქცინას შეიძლება მეტად ჰქონდეს გამოხატული გვერდითი მოვლენები. ამის ნუ შეეშინდებათ. ფაიზერის ვაქცინის პრობლემა ის არის, რომ რამდენიმე თვის შემდეგ შედარებით მკვეთრად შემცირდა იმუნიტეტი და დასჭირდა ბუსტერი, რაც აჩვენა ზოგიერთი ქვეყნის მაგალითმა,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ბუწაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ეთერში ისაუბრა.