რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
რომელი საკვები უყვარს ღვიძლს და რომელი პროდუქტებია მისთვის საზიანო? - ჰეპატოლოგი მაკა სვანიძე
ჰეპატოლოგმა მაკა სვანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ღვიძლისთვის მავნე და სასარგებლო პროდუქტები დაასახელა:
„ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლიც დასაშვებია და ცხიმიანი საკვებიც, მაგრამ აუცილებელია, რომ ადამიანმა იცოდეს მისი ღვიძლის მდგომარეობა. თუ მან იცის, რომ დაზიანებული აქვს ღვიძლი, შეიძლება საერთოდ აიკრძალოს ალკოჰოლის მიღება. მნიშვნელოვანია ღვიძლის გაცხიმოვნების ხარისხიც. დღეს ღვიძლის გადანერგვების ყველაზე მეტი რაოდენობა ჰეპატიტებით გამოწვეული დაზიანების შემდეგ ღვიძლის გაცხიმოვნებაზე მოდის. ყავა არის ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო სასმელი ღვიძლისთვის. ამას გაღრმავებული კვლევები სჭირდება. თუმცა, ჩატარებულია კვლევები და არის პუბლიკაციები ყავის დიდ სარგებელზე. ყავას აქვს ძალიან კარგი ანტიოქსიდაციური მოქმედება, რის ხარჯზეც ის ეხმარება ღვიძლში მიმდინარე ანთებითი პროცესების წინააღმდეგ. ჩაიც ასევე ანტიოქსიდანტია ძალიან კარგი. არის გარკვეული ხილი და ბოსტნეული, რომელსაც აქვს ასეთი მოქმედება, მაგალითად გრეიფრუტს, მოცვს, კომბოსტოს, შვრიას, ხორბალს, ბურღულეულს. არის პუბლიკაციები, რომლებიც ადასტურებს ღვიძლზე მათ კარგ მოქმედებას.
თუ ღვიძლი ჯანმრთელია, მაშინ ალკოჰოლს აიტანს, მაგრამ ალკოჰოლი ღვიძლისთვის კარგი არ არის. ღვიძლისთვის მავნეა თამბაქოც. ადამიანმა შეიძლება კვებით მიიყვანოს ღვიძლი გაცხიმოვნებამდე. ეს არასწორი კვების შედეგია. ჭარბი ცხიმების გადამუშავება ვერ ხდება ღვიძლის მიერ, შედეგად ცხიმი ჩალაგდება ღვიძლის უჯრედებში, რაც იწვევს ანთებებს, ფიბროზს და შეიძლება ციროზიც გამოიწვიოს,“- აღნიშნა მაკა სვანიძემ.