რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
„აურაცხელი რაოდენობით პოლივიტამინების მიღება არ არის რეკომენდებული,“- პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ პოლივიტამინების აქტიური გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა:
„ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე წააწყდებით უამრავ ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებას, რომელთა რეკომენდაციაც არ არსებობს. ერთადერთი იმუნიტეტის მარეგულირებელი საშუალება არის ცხოვრების ჯანსაღი წესი. ცხოვრების ჯანსაღ წესში შედის სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა. წლამდე ასაკის ბავშვის ოქროს სტანდარტი არის ძუძუთი კვება, დედის რძე. შემდეგ ჩვენ ვამატებთ უკვე ბიოლოგიურად აქტიური ღირებულების საკვებ პროდუქტებს, როგორიც არის: ბოსტნეული, ხილი, ფაფა და ა.შ.
მოზრდილ ასაკში მთელი კვების რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30 % იყოს ხილი, 20 % უნდა იყოს სხვა პროდუქტები, როგორებიც არის ცხოველური ცხიმები, მცენარეული ცხიმები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ბურღულეული, პურის პროდუქცია (ასაკის მიხედვით შეიძლება 30-დან 70-100 გრამამდე დღის განმავლობაში). თუ ასე სწორად იკვებება ადამიანი, მას იმუნიტეტი ჩამოუყალიბდება.
რაც შეეხება ვიტამინების ჩართვას, თუ ჩვენ არ გვაქვს რაიმე კონკრეტული მინერალის ან ვიტამინის დეფიციტი, თუ მიზეზს არ მივაგენით, რატომ გვაქვს ეს დეფიციტი, ამ პოლივიტამინების ჩართვა არ არის რეკომენდებული და არაფრის მომცემია. პაციენტი ტყუილად გადაიხდის თანხას. თუ გვაქვს რაიმე კონკრეტული ვიტამინის დეფიციტი, მის მიზეზს უნდა მივაკვლიოთ. თუ ამ მიზეზს არ აღმოვფხვრით, რამდენი ვიტამინიც გინდა მივიღოთ, კონკრეტული დროის შემდეგ ის ისევ იმ ჰიპოვიტამინოზს დაუბრუნდება, ანუ ნაკლებობა ისევ განვითარდება.
აურაცხელი რაოდენობით პოლივიტამინების მიღება არ არის რეკომენდებული. ერთადერთი ყველაზე კარგ საშუალებას ვხმარობ, ჯერ კიდევ ჩემი მასწავლებლისგან ნასწავლს, ეს არის თაფლი, ლიმონი და ზოგ შემთხვევაში ალოე ვერას წვენი. ეს ერთმანეთში არის არეული სპეციალური დოზირებით. თუ კონკრეტულ ინგრედიენტზე არ არის ალერგია. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ბავშვს მისცეთ,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.