Baby Bag

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ გამოიყენოთ სხვისი თვალის ფანქარი, ტუში, ფუნჯები, ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა,“- ოფთალმოლოგი თამარ ჩიტაძე

„არ გამოიყენოთ სხვისი თვალის ფანქარი, ტუში, ფუნჯები, ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა,“- ოფთალმოლოგი თამარ ჩიტაძე

ოფთალმოლოგმა თამარ ჩიტაძემ თვალის სილამაზესა და ჯანმრთელობას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ ისაუბრა:

„თვალის სილამაზე მჭიდრო კავშირშია ჯანმრთელ თვალთან. თვალი, რომელიც გამოიყურება ესთეტიურად ლამაზად, ჯანმრთელია. ჯანმრთელი თვალის ზედაპირი უკვე ლამაზი გამომეტყველების წინაპირობაა. თვალის ზედაპირის დაავადებებში ბევრი პათოლოგია ერთიანდება. დღეს ვისაუბროთ ქუთუთუოების ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, გსმენიათ პარაზიტების შესახებ წამწამების ძირებზე რომ ბინადრობს. ეს გადამდები დაავადებაა. ამ დროს აქტიურად მრავლდებიან პარაზიტები. მათ ძალიან კარგი პირობები აქვთ წამწამების ძირებზე, მშვენივრად იკვებებიან.“

„არ გამოიყენოთ სხვისი თვალის ფანქარი, ტუში, ფუნჯები. ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. პარაზიტები იწვევენ ძალიან არასასიამოვნო ჩივილებს. ქავილს, გამონადენს, სიწითლეს, შეშუპებას. ამას სჭირდება სპეციალიზებული მოვლის მეთოდები, რომელსაც ექიმი სახლში უნიშნავს პაციენტს. რთულია ამის მკურნალობა. ვერ ვნიშნავთ აგრესიულ მკურნალობას, რომელიც პარაზიტებს გაანადგურებს, იმიტომ, რომ ეს ეხება ლორწოვან გარსსაც და შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს. კლინიკის პირობებში მკურნალობა გაცილებით მარტივი და იოლია. არსებობს აპარატული მკურნალობა, რომელიც ახალი მეთოდია და ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს. ის პირდაპირ ანადგურებს ამ პარაზიტებს. მნიშვნელოვანია ასევე ქუთოთოების ჰიგიენა. ზოგჯერ გვჭირდება ქუთუთოების დამატებითი წმენდა აპარატული მეთოდით. როგორც კბილების ჰიგიენური წმენდა სტომატოლოგთან, ასეთივე ტიპის მანიპულაციაა, როდესაც ხდება წამწამებიდან ნადების მოშორება აპარატულად. ეს საქართველოში ახალი მეთოდია და ვიზუალურად იძლევა ეფექტს. ბევრად უფრო მოწესრიგებულად გამოიყურება ქუთუთოები. ხსნის თვალზე სიწითლეს, აღარ არის აქერცლილი და ნადები ქუთუთოებზე,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ ჩიტაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად