Baby Bag

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12 - დან 15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა“ - ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ რისკ ჯგუფის მქონე ბავშვების(12-15 წლის) ვაქცინაციაზე ისაუბრა, რომელთა აცრის დაწყებასაც ამ ეტაპზე განიხილავენ.

„მე, როგორც პედიატრი, ამ ეტაპზე ვეთანხმები 12-15 წლამდე რისკ ჯგუფის მქონე მოზარდების ვაქცინაციას, რაზეც მიდის მსჯელობა. მაღალი რისკ ჯგუფის მქონე პაციენტები არიან მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ თავშესაფრებში, აქვთ დაავადებები, რომლებიც აქვეითებს მათ იმუნურ სტატუსს, ეს არის სხვადასხვა გულ-ფილტვის დაავადებები, თანდაყოლილი ანომალიები, მანკები, ღვიძლის და თირკმლის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც მოითხოვს მკურნალობას, ჰორმონებით ან ქიმიოპრეპარატებით. ასევე, ვისაც აქვს ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, რომელთა დროს რისკი მეტია“.

პედიატრის თქმით, ვაქცინაცია არის პრევენცია, ის არ არის 100%-იანი დაცვა:

„ვაქცინაციის მეშვეობით ვიცავთ ბავშვს, რომ ვირუსის მატარებელ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში ან საერთოდ არ, ან მსუბუქი სიმპტომატიკით გამოეხატოს ინფექცია.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ზოგადად, ნებისმიერ ვაქცინას ახასიათებს, ძირითადი და დროებითი უკუჩვენება. ადგილობრივი რეაქცია, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურული რეაქცია, რაც შესაძლებელია, როგორც მოზრდილს, ასევე ბავშვს განუვითარდეს".

წყარო: "დილა მშვიდობისა საქართველო"

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, დაავადების შემდეგ მეოთხე-მეექვსე კვირაზე ის აუცილებლად უნდა მიიყვანოთ პედიატრთან და კარდიოლოგთან,“ - კარდიოქირურგი დავით ბერიშვილი

„თუ ბავშვი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, დაავადების შემდეგ მეოთხე-მეექვსე კვირაზე ის აუცილებლად უნდა მიიყვანოთ პედიატრთან და კარდიოლოგთან,“ - კარდიოქირურგი დავით ბერიშვილი

ბავშვთა კარდიოქირურგი დავით ბერიშვილი მშობლებს ურჩევს​ კოვიდ-19-ით დაინფიცირებიდან მეოთხე-მეექვსე კვირაზე ბავშვი პედიატრს და კარდიოლოგს აჩვენონ, რათა რაიმე გართულება არ გამოეპაროთ:

„პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ბავშვები ინფექციისგან. თუ ეს მოხდა და ბავშვი დაინფიცირდა, აუცილებლად დაავადების შემდეგ მეოთხე ან მეექვსე კვირაზე ბავშვი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ პედიტრთან და კარდიოლოგთან დიაგნოსტიკაზე. ბავშვი უნდა მიიყვანოთ ბავშვთა კარდიოლოგთან. რატომ უნდა მოიქცეთ ასე? სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ყველა ბავშვთა ექიმს ეშინია იმ შედეგების, თუ რას მოიტანს კოვიდი. იწერება და ფაქტიც არის, რომ ბავშვებს უფრო ადვილად გადააქვთ კორონავირუსი, დაახლოებით, 5-7 %-ში ვითარდება უფრო რთულად.“

დავით ბერიშვილის თქმით, კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ ბავშვებში მოიმატა კავასაკის დაავადების მსგავსი სინდრომის რიცხვმა:

​ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი, მოიმატა კავასაკის დაავადების მსგავსი სინდრომის გამოვლენის შემთხვევებმა, რომელიც გამოიხატება საკმაოდ რთულად და მძიმედ. კოვიდ გადატანილ ბავშვებთან ის ვითარდება 1-დან 5 %-მდე. სამწუხაროდ, საქართველოშიც არის აღმოჩენილი რამდენიმე ბავშვი, ჩვენც ვნახეთ ეს ჩვენს კლინიკაში.“

დავით ბერიშვილი იმ სიმპტომებს აღწერს, რომელიც კავასაკის მსგავს სინდრომს ახასიათებს:

„აღნიშნული სინდრომის ძირითადი მაჩვენებელი არის დაავადების მეოთხე-მეექვსე კვირაზე ცხელება 24-დან 72 საათამდე. ცხელება არის საკმაოდ მაღალი, 38,5-39 და მეტი, გამონაყარი, მუცლისა და გულ-მკერდის ქვედა არეში ტკივილი. ეს არის ისეთი ტკივილი, რომელმაც შეიძლება ზოგადი ქირურგი შეცდომაში შეიყვანოს. ევროპულ ქვეყნებშიც ჩატარდა დიაგნოსტიკური ლაპარპოსკოპიები, რადგან ვერ არკვევდნენ, რატომ ჰქონდა ბავშვს ტკივილი. ​ეს ვირუსი იწვევს დიდ ცვლილებებს მიკროკაპილარებში, რის შედეგადაც იცვლება ორგანოები. შესაძლოა, იყოს ენცეფალოპათია, პერიკარდიტი, რაც ყველაზე ცუდია, შესაძლოა, იყოს კარდიომიოპათიები. კარდიომიოპათიები ხშირად გამოწვეულია ვირუსებით. მე ვგულისხმობ დილატაციურ კარდიომიოპათიას, რომელიც უფრო ხშირია ბავშვებში.“

„ბავშვებში გულის მანკების გამომწვევი არის ორსულობის 5-დან 10 კვირამდე ინფექციების გადატანა. ძირითადი არის ვირუსული ინფექციები, უფრო ნაკლებად ბაქტერიოლოგიური. ​ორსულმა, შესაძლოა, არც იავადმყოფოს დიდხანს, შეიძლება 2-3 დღე სურდო ჰქონდეს ან სიცხე, მაგრამ ამ დროს ბავშვი ყალიბდება. თითო უჯრედი თუ დაზიანდა, ის იყოფა ორად, შემდეგ თითოეული ისევ ორად და გეომეტრიული პროგრესიით ყალიბდება ანომალია,“ -აცხადებს დავით ბერიშვილი.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად