Baby Bag

„ზრდის ჰორმონის დეფიციტით მიმდინარე ტანდაბლობა ძალიან იშვიათია,“ - ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე

„ზრდის ჰორმონის დეფიციტით მიმდინარე ტანდაბლობა ძალიან იშვიათია,“ - ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე

ენდოკრინოლოგმა მარინა გორდელაძემ ზრდის პროცესის თავისებურებებზე ისაუბრა და ჯანმრთელობის ის მდგომარეობები დაასახელა, რომელიც ზრდის პროცესის შემაფერხებელია:

„თავისთავად ​ზრდის პროცესი არის ხრტილზე განვითარებული მოვლენები. ხრტილი ძვალდება და იზრდება ძვალი, ისევ ძვალდება ხრტილი და იზრდება ძვალი. აქონდრო და დისქონდროპლაზიები გახლავთ ხრტილოვანი პათოლოგია. აქ ჰორმონული ჩარევა, გარდა ორთოპედიული ჩარევებისა, მიღებული არ გახლავთ.“

მარინა გორდელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის ტანდაბლობის შემთხვევაში განსაზღვრონ ძვლოვანი ასაკის შესაბამისობა ბიოლოგიურ ასაკთან:

„გვყავს ბავშვი ტანდაბალი? ვიღებთ ძვლოვან ასაკს. ​თუ ძვლოვანი ასაკი ბავშვის ბიოლოგიური ასაკის საუკეთესო ამსახველია, ვხვდებით, რომ აქ არ არის ჰორმონალური დარღვევა. როგორც წესი და კანონი ეს ქონდროდისპლაზიებია ან გენეტიკური სიდაბლე. ხომ არიან ბავშვები დაბალი ოჯახებიდან?! ეს არის დაბალი მშობლების დაბალი შვილი. როდესაც ბავშვი არის შვიდი წლის და ძვლოვანი ასაკი აქვს ბევრად უფრო მაღალი, აქ უნდა გამორიცხოთ ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ან ხომ არ იყო გამოყენებული რაიმე ანაბოლური პრეპარატები.“

„როდესაც ძვლოვანი ასაკი ბიოლოგიურ ასაკს უსწრებს, პროგნოზის თვალსაზრისით არ არის კარგი. როდესაც ბავშვი ტანდაბალია და ძვლოვანი ასაკიც ჩამორჩება, აქ პროგნოზიც უკეთესია. ყველაზე დიდი ჩამორჩენა, დაახლოებით 3-4 წლით, არის ენდოკრინული და ქრომოსომული დაავადებების დროს. ​უპირველესი გახლავთ ზრდის ჰორმონის დეფიციტი. დავამშვიდებ მშობლებს, რომ ზრდის ჰორმონის დეფიციტით მიმდინარე ტანდაბლობა ძალიან იშვიათია. ტანდაბლობის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოთირეოზი. ასევე თუ რევმატოიდული ართრიტის გამო ბავშვს მისცეს გლუკოკორტიტოიდები, ის ამ შემთხვევაშიც იქნება დაბალი. სიდაბლის მიზეზია ბუნებრივი მდგომარეობა, როდესაც არის კუშინგის სინდრომი, დაუნის სინდრომი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა გორდელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად