კოვიდის შემდგომი გართულება ბავშვებში - რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსულ ინფექციას დასრულების შემდეგ და რა ანალიზებია საჭირო?
კოვიდის შემდგომი გართულება ბავშვებში - რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსულ ინფექციას დასრულების შემდეგ და რა ანალიზებია საჭირო? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ოჯახის ექიმი, პედიატრი, ანა მაღრაძე. - ქალბატონო ანა, რა სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ ბავშვებში?
- კორონავირუსული ინფექცია ბავშვებში, როგორც ვიცით, უმეტეს შემთხვევაში საშუალო, მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს, ბოლო დელტა შტამის შემთხვევაშიც კი. გამონაკლისს წარმოადგენენ ახალშობილები, სადაც განსაკუთრებით დელტა შტამი მწვავე გართულებებით მიმდინარეობს, პაციენტების მდგომარეობა უფრო სწრაფად მძიმდება, ვიდრე ეს იყო წინა შტამების შემთხვევაში. კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ პერიოდში ბავშვებში გვხვდება ზოგადი საერთო სისუსტე, უმადობა, თუმცა უმეტეს მათგანთან ჩივილები ნაკლებად არის. რაც შეეხება კორონავირუსის შემდგომ გართულებას, ვიცით, რომ მცირე პროცენტში (0.002%) შეიძლება განვითარდეს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ხასიათდება მაღალი ცხელებით (გრძელდება 2 დღე), თან ერთვის მინიმუმ ორგანოთა ორი სისტემის ჩართულობა. ეს შეიძლება იყოს გასტროინტესტინალური სიმპტომები (გულის რევა, დიარეა, მუცლის ტკივილი), რესპირატორული სიმპტომები (ხველა, სუნთქვის გაძნელება, პნევმონია), ნევროლოგიური სიმპტომები (თავის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე), შეიძლება იყოს კანი ჩართული, გამონაყარის სახით, პერიორბიტალური შეშუპება, სახსრების ტკივილი და შეშუპება, ასევე მოძრაობის შეზღუდვა. მულტისისტემური სინდრომის დიაგნოზი ისმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანამნეზში კოვიდ ინფექცია ბავშვს გადატანილი აქვს მინიმუმ 4-8 კვირის შუალედში, ანტისხეულების ტიტრი მომატებულია და გამოხატულია ცხელება, ორი ორგანოთა სისტემის დაზიანება კლინიკურად.
- რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რა ანალიზებია საჭირო იმისთვის, რომ რამე არ გამოგვრჩეს? საჭიროა თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია?
- ეს არის ძალიან ინდივიდუალური. თუ რაიმე ჩივილი აქვს პაციენტს, კოვიდ ინფექციის შემდეგ მიზანმიმართულად ინიშნება კვლევები. გადატანიდან 3-4 კვირაში ვაკონტროლებთ სისხლის საერთო ანალიზს, რკინას, ვამოწმებთ D ვიტამინს. ვერ ვიტყვით, რომ აუცილებლად, ვინც გადაიტანს ეს კვლევებია საჭირო, ასეთი მოწოდება არ არის. ისე გადააქვთ ხოლმე ბავშვებს, მშობლებმა არც კი იციან. ბავშვებთან, ვისაც უსიმპტომოდ ჰქონდათ, უბრალოდ სისხლის საერთო ანალიზიც საკმარისია.
კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდ ინფექციის მწვავე ფაზაშიც არ არის მოწოდებული, ვინაიდან მისი დასხივება ძალიან დიდია, რადიაციული თვალსაზრისით. დანიშვნას წინ უნდა უძღვოდეს კონკრეტული ჩვენება. არც მწვავე ფაზაში ვიყენებთ ბავშვებში, თუ რა თქმა უნდა, მკურნალმა ექიმმა არ დაუნიშნა და საჭიროებამ არ მოითხოვა.
- კორონავირუსის შემდეგ მნიშვნელოვანია თუ არა კვების რაციონი და კონკრეტულად, რაზე გავამახვილოთ ყურადღება?
- კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ვირუსული ინფექციების და ნებისმიერი ავადობის შემდეგ, ყველა მშობელთან რა რეკომენდაციებიც გვაქვს, ზოგადი, იგივე რჩება. ეს არის ბალანსირებული კვება, ჯანსაღი საკვებით. მესმის მშობლების გადატვირთული რეჟიმის გამო ეს რთულია, თუმცა ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თუ თავიდანვე მიაჩვევთ რეჟიმში ბალანსირებულ კვებას (ზომიერად ყველა საკვები ინგრედიენტის მიწოდება, როგორებიცაა: რძის პროდუქტი, ბოსტნეული, ხორცეული, ხილი), შემდგომ პერიოდში აღარ არის რთული. ავადობისას ბავშვები კვებას ამცირებენ, თუმცა ამის შემდეგ ჯანსაღი და დაბალანსებული კვება გააუმჯობესებს ბავშვის იმუნურ მდგომარეობას, შესაბამისად, დამატებითი ვიტამინების მიცემა აღარ გახდება საჭირო, ამიტომ არ გავცემ რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, სითხე აუცილებელია ასეთ სიტუაციაში, თუ ვერანაირად ვერ ვაწვდით ბავშვს სითხეს და უარს ამბობს, გამოსავალი არის გადასხმა. ხშირად მეუბნებიან ხოლმე მშობლები, სითხეს არ სვამს, მხოლოდ წყალს იღებსო, რატომღაც სითხედ წარმოუდგენიათ მარტო ჩაი, წვენები და კომპოტები. უნიკალური სითხე, რაც სამყაროშია, არის წყალი, შესაბამისად, ბავშვი თუ წყალს იღებს ლიტრზე მეტს, მაშინ ჩათვალეთ ადეკვატურია დღის ნორმა, თუმცა გააჩნია რამდენია დანაკარგი.
ასევე, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს - მთელმა კაცობრიობამ“ - ლევან რატიანი
„კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს - მთელმა კაცობრიობამ“, - ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იგი იმედოვნებს, რომ „ბცჟ ვაქცინაციის“ გამო, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში მსუბუქი ფორმით გადაივლის:
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც ჩემთვისაა ამ ეტაპისთვის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია, ასევე მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვისაა უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ - ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს - მთელმა კაცობრიობამ. 80 პროცენტი მას მოხდის აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი - საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბცჟ ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ალბათ, ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბცჟ ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ექიმის თქმით, ეს ინდივიდუალურია:
„ეს არის ინფექციური პათოლოგია. ყველა ინფექციურ პათოლოგიას ახასიათებს ორი რაღაც - შეიძლება ვიყოთ მტარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ გააჩნია, ორგანიზმს რა განწყობა აქვს. სულ ვუყურებ გადაცემებს, ვეკონტაქტები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ვინც ჩართულია ამ დაავადებასთან ბრძოლაში, სწავლობს მის ბიო-ქიმიას და მოლეკულურ მექანიზმებს, ყველა ამბობს, რომ დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია 2 რაღაცაზე - 1-ლი ეს არის სომატური პათოლოგია და მე-2 არის ფსიქოლოგიური განწყობა, ამიტომ ვიყოთ რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)