რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
„ბავშვი მშიერი არ დარჩება, არ დაიტოვებს მშიერს თავს, ეს წარმოუდგენელია,“ - ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი
ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს გადაჭარბებული ზრუნვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ზედმეტი ყურადღებით ბავშვზე ზეწოლას ვახდენთ:
„მშობლებს ხშირად უჩნდებათ გადამლაშების ფენომენი. ეს ეხება ბავშვთან ურთიერთობის ისეთ განსაკუთრებულ ასპექტებს, რომელიც მერე გაყვანილია ამაგსა და ზრუნვაში. ბავშვის ძალით კვება, არასწორი ჩაცმა, არასწორი დასწავლის ფენომენი - ეს ყველაფერი ზეწოლაა თავისი შინაარსით, ჩვენ კი ზრუნვას ვეძახით.“
ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, როდესაც ბავშვს ჭამა აღარ უნდა, მისთვის საკვების დაძალება სწორი არ არის:
„აღარ უნდა ბავშვს ჭამა. ეს ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, რომ ულუფა ბოლომდე ვაჭამო. ჭამა ინსტინქტური ქცევაა, გადარჩენისთვის აუცილებელი თანდაყოლილი მოდალობაა, ამას არავინ არ სწავლობს. წარმოუდგენელია, რომ ბავშვმა არ ჭამოს. რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ, თუ არის კუჭ-ნაწლავის, ტვინის სერიოზული პრობლემები. ეს სხვა საკითხია და მაშინ სპეციალისტია საჭირო.“
„სავსებით დასაშვებია, რომ ეს ზეწოლაზე პროტესტული პასუხი იყოს. ბავშვი უფროსს ფიზიკურად ვერ მოერევა, ამიტომ ქცევას პოულობს. რა თქმა უნდა, ხასიათი შეიცვლება, იმიტომ, რომ ჩვენ საკვებიდან ვიღებთ აუცილებელ ინგრედიენტებს, მათ შორის გლუკოზას, ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს. ეს ყველაფერი ტვინისა და ნერვული სისტემის საშენი მასალაა. ქცევის განმსაზღვრელი ტვინია. თუ საკვები არასრულფასოვანია და ასაკის შესაბამისი არ არის, რა თქმა უნდა, იქნება ქცევის შეცვლაც. მშობელმა ზედმეტობით არ უნდა გააფუჭოს საქმე. აჩემებული სიტყვებია: „დარჩა მშიერი.“ არ დარჩება მშიერი, ბავშვი არ დაიტოვებს მშიერს თავს, ეს წარმოუდგენელია," - აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.