რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
არის თუ არა შესაძლებელი, შევაჩეროთ ბუნებრივად დაბერების პროცესი? - ზაზა თელია განმარტავს
არის თუ არა შესაძლებელი, შევაჩეროთ ბუნებრივად დაბერების პროცესი? - ამის შესახებ დერმატო ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ზაზა თელიამგადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრა.
,,არსებობს მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი ფაქტორები. მოდიფიცირებადი არის, რომ ჩვენ შეიძლება, ზეგავლენა მოვახდინოთ დაბერების პროცესის გადავადებაზე და არამოდიფიცირებადი ფაქტორია, რომ ყველა ვართ ცოცხალი ორგანიზმები და დაბერების პროცესს ვერაფერს ვერ ვუზამთ. ჩვენ შეგვიძლია, დაბერების პროცესი გადავავადოთ.
ვიცით, რომ ჩვენი ორგანიზმი შედგება უჯრედებისგან. მათ შორის, ორგანოებიც უჯრედებით არის ამოფენილი. მათ აქვს გამრავლების უნარი, თუმცა - ლიმიტირებული. ეს დამოკიდებულია გენებზე. როცა უჯრედებს აღარ აქვთ გამრავლების უნარი, ისინი იზრდებიან ზომაში და კვდებიან. 30 წლის ასაკის შემდგომ უჯრედები იწყებენ გამრავლების უნარის დაკარგვას. გამომდინარე აქედან, ორგანოები, რომლებიც ამოფენილია ამ უჯრედებით, ფუნქციონირებას ანელებენ, ნაკლებად კარგად მუშაობენ ორგანოზები - ამას ჰქვია ორგანოთა დაბერება. ეს პროცესიც, როგორც წესი, იწყება 30 წლის ასაკიდან. მოდიფიცირებადი ფაქტორები, რაც ამას ხელს უწყობს, გახლავთ ცხოვრების არასწორი წესი.
დაბერების პროცესთან ერთად, ადამიანი გარკვეული კუთხით ვიზუალურ ცვლილებებს განიცდის. პირველ ყოვლისა, ეს აისახება ძვალ-სახსროვან სისტემაზე. ისიც უჯრედებით არის ამოფენილი, ძვლები სიმკვრივეს კარგავს და ზომაში პატარავდება. ეს განსაკუთრებულად შეიმჩნევა ქალებში მენოპაუზის შემდგომ. ამ დროს ფიქსირდება სიმაღლეში კლება, 3-5 სმ-ით - რატომ ხდება ეს? ხერხემლის სვეტის ცვლილებების გამო. მალებს შორის არსებული ქსოვილი, რომელიც სითხით არის გაჯერებული და, ასაკის მატებასთან ერთად, ხდება ამ სითხისგან განლევა. დაბერების პროცესის გადასავადებად აუცილებელია ორი ფაქტორი: როგორც წესი, ეს გახლავთ ფიზიკური აქტივობა და, ასევე, სწორი, ბალანსირებული კვება.