რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
6 წლის აუცრელი ბავშვი ტეტანუსით დაავადდა - ტეტანუსის პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია ტეტანუსით დაავადებული ბავშვის შესახებ საზოგადოებას საგანგაშო ინფორმაციას ამცნობს:
„აბსურდულ, არაკომპეტენტურ, ალოგიკურ მსჯელობებზე და ბოდვებზე დაფუძნებული, მავნებლური ანტივაქსერული მოძრაობის შედეგად არავაქცინირებული ანუ დაუცველი ბავშვების რიცხვი გაიზარდა და ამის შედეგად ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ი პირველი ტეტანუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
პაციენტი 6 წლის ბიჭი;
დიაგნოზი: ტეტანუსი;
მკურნალობის ხანგრძლივობა 57 დღე;
მკურნალობის ხარჯი: 800 000$.
მიუხედავად იმისა, რომ 57 დღე ბავშვმა სრულ კოშმარში და ტანჯვაში გაატარა და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, მშობლები მაინც უარს ამბობენ ვაქცინაზე.
ტეტანუსი სიცოცხლისთვის საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რასაც ახასიათებს კუნთების რიგიდობა და გაუსაძლისი ტკივილები, პაციენტი რეალურად კვდება ტანჯვით. ამ საშინელი დაავადების კონტროლი კაცობრიობამ შეძლო ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნით, რომელიც უსაფრთხოა და თითქმის 100%-ანი ეფექტურობით გამოირჩევა,“ - აღნიშნავს არჩილ მარშანია საკუთარ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში.