რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
„კოვიდის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს არა ძლიერი ან სუსტი იმუნიტეტი, არამედ სწორი იმუნიტეტი,“ - გიორგი ღოღობერიძე
ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში იმუნიტეტის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია, რამდენად ადეკვატურია იმუნური სისტემის პასუხი ვირუსის შემოჭრაზე:
„კოვიდის შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს არა ძლიერი ან სუსტი იმუნიტეტი, არამედ სწორი იმუნიტეტი. ზოგიერთ პაციენტში, როდესაც ვირუსი შემოიჭრება, იმუნური სისტემა გიჟივით რეაგირებს. ეს იწვევს მძიმე და კრიტიკულ ფორმებს. პაციენტების ნაწილში იმუნური სისტემა საერთოდ არ რეაგირებს და ვირუსს ეძლევა საშუალება, რომ გამრავლდეს. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება არც ზედმეტად აგრესიული და არც ზედმეტად დუნე იმუნური სისტემა. ჩვენ გვჭირდება ადეკვატური სისტემა, რომელსაც ექნება ნორმალური რეაქცია ვირუსზე.“
გიორგი ღოღობერიძის თქმით, იმუნური სისტემის ადეკვატურობა ჩვენზე არ არის პირდაპირ დამოკიდებული:
„წარმოიდგინეთ, რომ ოთახში შემოიჭრას ვინმე და ჩვენ გვჭირდება მისი აყვანა. მის ასაყვანად სჯობს, რამდენიმე კაცი გავუშვათ და შეიპყრონ, ბომბს ხომ არ ვესვრით?! ბომბს თუ ვესვრით, ყველაფერი დაიშლება. ასეა ჩვენი სხეულიც. იმუნური სისტემა უნდა იყოს ადეკვატური და არა აგრესიული. იმუნური სისტემის ადეკვატურობა საკმაოდ რთული ცნებაა. ის ჩვენზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის.“
გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო გზა ჯანსაღი კვებაა:
„რამ შეიძლება ხელი შეუწყოს იმუნური სისტემის გაძლიერებას და არა დასუსტებას? პირველ რიგში ეს არის ჯანსაღი კვება: ხილი, თევზი, კვერცხის გული. ყველა ის საკვები, რომელიც შეიცავს იმ ნუტრიენტებს, რომლებიც შეიძლება დასჭირდეს ჩემს იმუნურ სისტემას საჭირო დროს საჭირო ადგილას. მნიშვნელოვანია D ვიტამინის წყაროები, როგორებიცაა: რძე, თევზი, კვერცხი. D ვიტამინის ალტერნატივა შეიძლება იყოს მზეზე გასვლა დღეში 15-20 წუთის განმავლობაში.“
„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სხვა ელემენტებიც საკვების დახმარებით. მსგავსი საკვები შეიძლება იყოს: კიტრი, ვაშლი. ვაშლი ძალიან მნიშვნელოვანი ხილია. მასში არის ძალიან ბევრი აცეტილსალიცილის მჟავა. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც ხელს უშლის დათრომბვას. მართალია, ვაშლი ვერ შეგვისრულებს ასპირინის როლს, მაგრამ მისი დახმარებით შეგვიძლია ორგანიზმს მივცეთ შანსი, რომ ცოტათი შეიმციროს თრომბოზების რისკი. ხილი სახლში რაც გვაქვს, ყველაფერი უნდა მივიღოთ. ბანანიც ძალიან კარგია. მასში ბევრი კალიუმია. კალიუმი არის ერთ-ერთი საშუალება წნევის შემცირებისთვის. ბანანი სეროტონინის წყაროა, განწყობას ამაღლებს და ორგანიზმს ეხმარება, რომ წნევა აკონტროლოს უფრო უკეთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი ღოღობერიძემ რადიო იმედის გადაცემაში „დღის არხი“ ისაუბრა.