რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
„სწორად წყლის დალევის ფორმულა: თქვენი წონა გაყოფილი 9-ზე, იმდენი 250 გრამიანი ჭიქა დღეში,“ - პედიატრი რუსუდან ჯაში
პედიატრმა რუსუდან ჯაშმა იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე ეფექტიანი მეთოდების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, წყლის დალევა, სწორი კვება და სწორი ძილი ამ მხრივ ყველაზე სასარგებლოა:
„იმუნიტეტს ძირითადად აძლიერებს ეს: სწორად წყლის დალევა, სწორი კვება და სწორი ძილი. მნიშვნელოვანია ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე, ვისაც ძილის პრობლემები აქვს, ძილის წინ გასეირნება. არ არის საჭირო, რომ აუცილებლად ვირბინოთ, ფიტნეს კლუბებში ვიაროთ. საკმარისია ფეხით სიარული ჰაერზე. მაინც უფრო კვებაზე შევჩერდები. ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო ამერიკის ბაზარზე არ უშვებს არცერთ მედიკამენტს და საკვებს, რომელიც უვარგისია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამავე სააგენტოს რეკომენდაციით, ვიტამინების 80 % არ უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით, როდესაც ეს არის ვიტამინების კომპლექსი. ჩვენ წინასწარ არ ვიცით ვიტამინების კომპლექსში ჩამოთვლილი უამრავი ვიტამინიდან რომელი გვჭირდება.“
რუსუდან ჯაშის თქმით, ექიმმა კონკრეტული წამლის გამოწერისას მედიკამენტის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს:
„როდესაც ექიმი რაიმე წამალს ნიშნავს, წესით ყველაფერი უნდა იცოდეს ამ წამალზე. ხანდახან დრო არ აქვს ექიმს, ხან რაღაც პრობლემა აქვს, გავამართლოთ ჩვენი ექიმებიც. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ამ დარგში არიან: ექიმი კლინიკური ფარმაკოლოგი და აფთიაქში ფარმაცევტი. როდესაც რაღაცას ვერ იგებთ გვერდითი მოვლენების შესახებ, უნდა მიმართოთ კლინიკურ ფარმაკოლოგს. A ვიტამინის ზედმეტი რაოდენობა სასუნთქი გზებისა და ფილტვის კიბოსთან პირდაპირ კავშირშია. ვიტამინი არ არის ისეთი მარტივად მისაღები საშუალება, როგორც ერთმანეთს ვუნიშნავთ ხოლმე. ეს არის ისეთივე სერიოზული წამალი, რომელიც თუ გვჭირდება, სწორი დოზით, ინდივიდუალურად შერჩეული უნდა იყოს თქვენთვის. D ვიტამინზეც არის ლაპარაკი მუდმივად, რომ ყველამ უნდა მიიღოს. აუცილებლად უნდა განისაზღვროს და ინდივიდუალურად შეირჩეს. საქართველოში არის მზე. თუ სწორად იკვებები, სწორად წყალს სვამ, დადიხარ მზეზე, წესით არ უნდა იყოს დეფიციტი.“
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ვირუსის გადატანიდან ერთი თვის განმავლობაში ხველა არის ნორმა. ხველა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია. ეს არ არის საშიში დაავადება. თუ ის ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, თუ მას სხვა ჩივილებიც ახლავს, მაშინ უნდა მიმართოთ ექიმს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ ვიცით სწორად წყლის დალევა. სწორად წყლის დალევის ფორმულაა: თქვენი წონა გაყოფილი 9-ზე, იმდენი 250 გრამიანი ჭიქა დღეში. მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მიიღო სწორად წყალი. 650-700 გრამამდე დილას, გაღვიძებისთანავე, უზმოზე უნდა მიიღო. რაც გროვდება ღამის განმავლობაში, ის ყველაფერი უნდა ჩაირეცხოს. კვება უნდა დაიწყოთ მერე, მისი მიღებიდან 30 წუთში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც წყლის მიყოლება ჭამის დროს და არც წყლის დალევა ჭამის შემდეგ 2 საათი,“ - აღნიშნულ თემებზე რუსუდან ჯაშმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.