რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
„ცუდი, სუსტი ან სპეციფიკური ტირილი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი,“ - პედიატრი ნანა რურუა
პედიატრმა ნანა რურუამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ტირილს შორის არსებული ურთიერთკავშირის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტირილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრ რამეს გვეუბნება:
„პედიატრები ვამბობთ ხოლმე: „მომასმენინეთ ბავშვის ტირილი და მივხვდები ჯანმრთელია თუ არა.“ თუ ბავშვი ყოჩაღად ტირის, ეს უკვე არის მაჩვენებელი იმის, რომ ის ჯანმრთელია. ყველა დაავადებას აქვს თავისი საყურადღებო ნიშანი. ჩვილებისთვის ზოგადი ნიშანი არის ცუდი, სუსტი ან სპეციფიკური ტირილი. ეს ზოგადად საყურადღებო ნიშანია. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი.“
ნანა რურუას თქმით, ჩვილის უჩვეულო ტირილის ამოცნობა რთული არ არის:
„ჩვილი უჩვეულოდ, ძალიან დაბალი, შესუსტებული ბგერით თუ ტირის, ამას ნებისმიერი ადამიანი ხვდება. ეს არ არის ჩვეულებრივი ტირილი. პირველი, რაც ყველას უნდა ვუთხრათ, გეშინიათ თუ არ გეშინიათ, კარგი, ომახიანი ტირილი არის ჯანმრთელი ბავშვის მაჩვენებელი. ბავშვმა შეიძლება დღეში რამდენიმე საათი იტიროს. ეს ნორმალურია. ცნობილია, რომ ბავშვი იბადება თავისი ტემპერამენტით. 5 დღის ასაკში ზუსტად გასაგებია მისი ხასიათი.არიან უფრო პასიური და უფრო აქტიური ბავშვები.“
ნანა რურუამ აღნიშნა, რომ დედებს სპეციალური ჩამონათვალის გაცნობის გარეშეც არ უჭირთ ბავშვის ტირილის მიზეზების ამოცნობა:
„ბევრი ნიშანი არსებობს, რომლითაც შეგვიძლია გავარჩიოთ შია თუ ეძინება. ყველა დედა , როგორც წესი, ჩამონათვალების გარეშეც ახერხებს გაერკვეს შია თუ ეძინება მის შვილს. როდესაც ბავშვი გეძახით, ის იტირებს ცოტა ხანს, შემდეგ დააპაუზებს, დაგელოდებათ, მერე ისევ იტირებს. ის ყურადღებას ითხოვს და პაუზის დროს ელოდება, მოხვალთ თუ არ მოხვალთ. როდესაც შია, ტირილი დაახლოებით ასეთივეა. ტკივილის ტირილი ყოველთვის არის უფრო გაბმული, მონოტონური. რაც უფრო ძლიერია ტკივილი, მით უფრო მეტად არის გამოხატული შეწუხება. ტირილი შეიძლება კივილში გადავიდეს.“
„მინდა, რომ დავიმახსოვროთ შემდეგი რამ: ტირილი ბავშვის საკომუნიკაციო ენაა და ამას არ უნდა შიშით ყურება. როდესაც ბავშვი იბადება და ჯანმრთელია, მას აქვს ყველანაირი უნარი, გადარჩეს. მას სიცოცხლის გაცილებით მეტი უნარი აქვს, ვიდრე დანარჩენ მოზრდილ ორგანიზმს. რადგან ხედავთ, რომ ჩვილია, რადგან ის ენა არ გესმით, ეს არ ნიშნავს, რომ უმწეოა და არ აქვს გადარჩენის უნარი. უსუსურობას არ ნიშნავს ჩვილობა. მას სჭირდება ჩვენი თანადგომა. იმას რომ შია, რომ წყურია, რომ ეძინება, ამას ყველაფერს გაგვაგებინებს. ტირილის დროს ბავშვი ხელში უნდა აიყვანოთ, ჩაეხუტოთ, უთხრათ, რომ ყველაფერი კარგად არის. არ არის სწორი, როდესაც ექიმი ეუბნება მშობელს: „დამშვიდდი, მერე რა მოხდა?! ყველა ბავშვი ტირის.“ მშობლის სიმშვიდე უნდა ეფუძნებოდეს იმის ცოდნას, რომ ჩვილი უსუსური არ არის და მას სიცოცხლის უნარი აქვს ჩვენზე მეტი,“ - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.