რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
„ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო მეტია დედის რძის დატვირთვა ბავშვისთვის სარგებლის მოტანის კუთხით,“ - პედიატრი ნინო თოთაძე
პედიატრმა ნინო თოთაძემ ჩვილი ბავშვის კვების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პირველად ბავშვს დამატებითი საკვები მხოლოდ 5-10 გრამის რაოდენობით უნდა გავასინჯოთ:
„მაქსიმუმი, რაც პირველი გასინჯვა შეიძლება მოხდეს პროდუქტის, ეს არის 5-10 გრამი. დაუშვებელია ორი ახალი პროდუქტის ერთად გასინჯვა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ არ არის ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა კარგად ჩამოყალიბებული. ორი პროდუქტის გასინჯვის შემთხვევაში ორგანიზმს შეუძლია გაუჭირდეს გადამუშავება. თუ ალერგიული პროცესი გვექნა, ძნელი გასარჩევია, რომელი პროდუქტია ალერგიული. ამიტომ ეს უნდა მოხდეს ძალიან თანმიმდევრულად. მეორე დღეს შეიძლება 3-4 სადილის კოვზით შეიცვალოს საკვების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ დამატები კვება უმნიშვნელოვანესია, ძუძუთი კვებას ვაგრძელებთ ორი წლის ასაკამდე. ორი წლის შემდეგ სასურველია, რომ ძუძუთი კვება შეწყდეს.“
ნინო თოთაძის თქმით, საბავშვო ორცხობილები მთელმარცვლიანი ბურღულეულისგან უნდა იყოს ნაწარმოები:
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბურღულეულის პროდუქტზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროდუქტი იყოს მთელმარცვლიანი ბურღულეულისგან ნაწარმოები. ეს არის ყველაზე საყურადღებო ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. პირველი მოთხოვნა მაინც არის პროდუქტის ეტიკეტის შესაბამისობა ბავშვთა ასაკთან. წლამდე ასაკში მე გამიჭირდება რეკომენდაცია მივცე სახლში მომზადებულ ორცხობილებს, იმიტომ, რომ გაუჭირდება მშობელს დოზირება ცხიმისა და შაქრის რაოდენობის.“
„ძროხის რძე ძალიან ცხიმიანია, მისი მიღება განზავების გარეშე, განსაკუთრებით 1-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, არ არის რეკომენდებული. ძალიან მნიშვნელოვანია წყალიც. წყალი უნდა მივცეთ ბავშვს ექვსი თვის ასაკიდან. ექვს თვემდე დედის რძე ბავშვს აბსოლუტურად ყოფნის. მშობლები ხშირად სვამენ კითხვას: ზაფხულის პერიოდია და ხომ არ მივცეთ ბავშვს დამატებით წყალი? თუ ჰიდრატაციის რაიმე პრობლემაა, შეიძლება ექიმის რჩევით ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. დედის რძე აბსოლუტურად უზრუნველყოფს წყლით ბავშვს. ზაფხულის პერიოდში კიდევ უფრო მეტია მისი დატვირთვა ბავშვისთვის სარგებლის მოტანის კუთხით. ექვსი თვის შემდეგ, იწყებს რა ბავშვი დამატებით კვებას, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასმელად შემოდის წყალი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო თოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.