რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
„ღამის ენურეზი, შესაძლოა, ინფექციით იყოს პროვოცირებული. არის რამდენიმე მარტივი კვლევა,“- უროლოგი ზაზა ჭანტურაია
უროლოგმა ზაზა ჭანტურაიამ ბავშვებში ღამის ენურეზის პრობლემაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად გვხვდება ენურეზი ღამის განმავლობაში:
„მარტივი შეკითხვა გვაქვს მშობელთან: ეს ერთხელ ხდება თუ რამდენჯერმე ღამის განმავლობაში? ტიპური, მონოსიმპტომური ღამის ენურეზია მხოლოდ ერთხელ. თუ ენურეზი არის ღამეში რამდენჯერმე, ეს ნიშნავს, რომ ბუშტის ტევადობა ძალიან პატარაა ან მართლა ძალიან დიდი რაოდენობით შარდს გამოჰყოფს ბავშვი. ძალიან იშვიათად, თუ ბავშვს აქვს უშაქრო დიაბეტი, შეიძლება ეს გამოვლინდეს.“
ზაზა ჭანტურაიამ იმ კვლევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ღამის ენურეზის პრობლემის არსებობისას ბავშვებს უტარდებათ:
„არის რამდენიმე მარტივი კვლევა. ეს არის შარდის საერთო ანალიზი, რომ ინფექცია გამოირიცხოს, რადგან შეიძლება ეს ინფექციით იყოს პროვოცირებული. მეორე არის მოშარდვის დღიური, რაც ძალიან სასაცილო რამეა. მშობელს ვთხოვთ, რომ სამი დღე-ღამის განმავლობაში ჩაინიშნოს ბავშვმა რომელ საათზე რამდენი მილილიტრი მოშარდა. ამით ვადგენთ, შარდის გამოყოფა მისაღებია თუ არა. შესაძლოა, ეს იყოს დიეტური. ბავშვი, შესაძლოა, ისეთ მარილიან საკვებს მიირთმევდეს, რომ მერე ბევრ წყალს იღებდეს. წვენი დიდი რაოდენობით ელექტროლიტს შეიცავს. ბავშვს იმდენი ელექტროლიტი აქვს მიღებული, რომ იმის გამოყოფას თირკმელი ვერ აუდის და მთელი ღამე ჭარბად გამოდის შარდი.“
„თუ ბავშვი მოტივირებული არ არის, ძალიან რთულია ასეთი ბავშვის მენეჯმენტი. ვიღაც 10 წლის არის და სულ არ ადარდებს ეს ამბავი. თუ ბავშვმა არ მოინდომა, წამალი არ არსებობს, სამწუხაროდ. ყაბზობა ერთ-ერთი ხელშემწყობია და მისი პროფილაქტიკა აუცილებლად საჭიროა, პედიატრთანაც ვუშვებთ ბავშვს. უბრალოდ გადაყენებას აზრი არ აქვს მკურნალობის მხრივ. არის მეთოდი, რომ ბავშვმა ისწავლოს გაღვიძება. ეს საკმაოდ რთულია, თუმცა მიღებული სამკურნალო მეთოდია,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა ჭანტურაიამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS“ ისაუბრა.