რაში გვეხმარება უზმოზე წყლის დალევა, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ და ეფექტურია თუ არა კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია.
- რა დადებითი თვისებები აქვს დილით, უზმოზე, წყლის დალევას, გვეხმარება თუ არა რამეში და კონკრეტულად რაში?
პირველ რიგში, საჭმლის მონელების კუთხით, აძლიერებს პერისტალტიკას. რეკომენდებულია, რომ ადამიანს ყოველდღე ჰქონდეს დეფეკაცია, უმჯობესია, დილის საათებში, შესაბამისად, წყლის უზმოზე მიღება გვეხმარება საჭმლის მონელებაში.
დილით, უზმოზე, წყლის მიღება ასოცირებულია დანაყრებულობის შეგრძნებასთან. დაახლოებით, 20 წუთი სჭირდება კუჭს იმისათვის, რომ შეიწოვოს წყალი, აქედან გამომდინარე, დილით წყლის მიღება სავსეობის შეგრძნებას გვიტოვებს, რის გამოც შედარებით მცირდება კვება.
უმჯობესია, წყალი იყოს ცივი. უზმოზე ცივი წყლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ცდილობს სხეულის ტემპერატურაზე გათბობას, რისთვისაც ხარჯავს ენერგიას, კალორიებს.
პირის ღრუს გაწმენდასაც უწყობს ხელს.
- სანამ საუზმეს მივირთმევთ, რა რაოდენობის წყალი უნდა დავლიოთ?
- უზმოზე, დაახლოებით, 250 მლ. წყლის მიღება არის რეკომენდებული. დღის განმავლობაში ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია, ორგანიზმზე, ადამიანის აღნაგობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ფიზიკური აქტივობის ხარისხზე, ასევე გააჩნია სეზონსაც. ზოგადი რეკომენდაციით, ზაფხულის განმავლობაში, საშუალოდ 2-3 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ. თუ ადამიანი ფიზიკურად აქტიურია, კალორიებს დიდი რაოდენობით ხარჯავს, ოფლის სახით კარგავს სითხეს, ამ შემთხვევაში, წყლის მიღება შესაძლებელია 5 ლიტრამდეც კი გაიზარდოს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, კვირის განმავლობაში 5 დღე ვარ ფიზიკურად აქტიური, ინტენსიურ ვარჯიშს ვგულისხმობ, ამიტომ დღის მანძილზე 5 ლიტრამდე წყალს მოვიხმარ
- ზედმეტად ბევრი წყლის მიღება დღის განმავლობაში პირიქით, ცუდი ხომ არ არის ორგანიზმისთვის?
- რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. როგორც აღვნიშნე, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს. ფიზიოლოგიურად მარტივია შესაფასებლად, ადამიანს ორგანიზმი თვითონ სთხოვს, რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს, წყურვილის გრძნობაც ისე უჩნდება, როგორი ფიზიკური აქტივობაც აქვს, შესაბამისად, ჭარბად წყალს ვერ მიიღებს ადამიანი, რადგან ორგანიზმი არ მოსთხოვს.
- რამდენად ეფექტურია ბევრი წყლის მიღება, კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად?
- წყლის დიდი რაოდენობით მიღება, კონკრეტულად, კანის სიმშრალესთან პირდაპირ ასოცირებული არ არის, ანუ წყლის მიღებით კანის სიმშრალეს ვერ ვუმკურნალებთ. თუმცა ირიბი კავშირი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეჰიდრატაციაზე, რაც ორგანიზმის გაუწყლოვებაა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს კანზეც.
„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არის, როგორც ბებიას მალამო. არ გვინდა, ხალხო, XXI საუკუნეა,“ - გიორგი ფხაკაძე
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კოვიდგადატანილებს აცრა მაინც ესაჭიროებათ:
„მე კოვიდი გადავიტანე და აცრა არ მჭირდება, ეს არის, როგორც ბებიას მალამო, მარგანცოვკაში ჩადე ფეხები და გრიპი არ დაგემართებაო. არ გვინდა, ხალხო, XXI საუკუნეა, ხალხი მარსზე მიდის. არაერთი ათეული ქართველი სამედიცინო პერსონალისგან გამიგია ეს და ვბრაზდები. ვინც გადაიტანეთ კოვიდი, ერთ თვეში წადით და აიცერით. ერთი თვე რომ გაივლის, წადით და აიცერით ფაიზერით.“
„ნურავის ნუ უსმენთ! დავიღალე, ამოვიდა ყელში ამდენი არაპროფესიონალიზმი და ამდენი ექიმბაში. ზოგი ეს ექიმი არის ექიმბაში. განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებისთვის, აუცილებლად, ყოველი მიზეზის გარეშე აიცერით დროზე, დაიცავით თქვენი თავი და დაიცავით ბავშვი. ზოგიერთი ამბობს, ფხაკაძეს ფაიზერი უხდის ფულსო. ერთმა გოგომ დამიწერა, ფაიზერი შენ ოცი ათას ლარს გიხდისო, ოციათასლარიანი კაცი ვარ?!“
„მანდილოსნები აუცილებლად აიცერით დროზე. ასევე გახსოვდეთ, რომ იყოთ კარგ ხასიათზე. რას ვგულისხმობ ამაში? იცი, რომ პრობლემა არის. იცი, რომ კოვიდი 2022 წელსაც იქნება, რას იზამ?! თუ ამ ამბავს პოზიტიურად შეხედავ და იფიქრებ, რომ გამოსავალი არსებობს, უფრო იოლად გადაიტან. იანვარში იქნება მეხუთე ტალღა. შეიძლება ისე გააკეთონ, რომ დეკემბერშიც დაიწყოს. გამორიცხული არაფერი არ არის. ყველაზე უსაფრთხო დრო საქართველოში არის მომავალი კვირიდან ოქტმობრის 2-3 კვირა. მერე რა იქნება, არ ვიცი,“ - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.