Baby Bag

ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის

ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას „ხილის წვენებსა“ და „კომპოტებზე“.

ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად უფრო და უფრო ხშირი ხდება მოსახლეობის მიერ ე.წ. „ხილის წვენების“ და „კომპოტების“ მირთმევა, რადგან ზაფხულის ცხელი დღეების დროს ორგანიზმის მოთხოვნილება სითხის მიღების მიმართ მომატებულია.

რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ე.წ. „ხილის წვენი“ თუ „კომპოტი“?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხილი ხასიათდება ისეთი უნიკალური თვისებებით, როგორებიცაა: ანტიოქსიდაცია, იმუნიტეტის გაძლიერება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარეგულირება, ნერვული სისტემის დამშვიდება და სხვა. მათი საშუალებით ხდება ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით შევსება. აქედან გამომდინარე, ზოგადად სასურველია, რომ ხილი მივირთვათ ყოველდღე, უმად. უმჯობესია, თუ რაციონი მდიდარი იქნება სეზონური ხილით.
მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს ე.წ „კომპოტები“ და „ხილის წვენები“. „კომპოტის“ დამზადების დროს ხდება ხილის დუღილი, თან მას ემატება შაქარი. ასეთ დროს ხილი თითქმის კარგავს სასარგებლო თვისებებს, ხოლო დამატებული შაქარი კი არის დამატებითი არასასურველი, არაჯანსაღი კალორია ორგანიზმისთვის. დავიმახსოვროთ: ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება ახლადდაწურულ „ხილის წვენს“ (იგივე „ფრეში“), სადაც არ არის დამატებული არც შაქარი და არც რაიმე სხვა სახის დამამტკობელი, თავისთავად ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა, რადგან ასეთ დროს ხილს არ აქვს დაკარგული მისი სასარგებლო თვისებები, თუმცა ის მაინც ვერ გაუტოლდება დამოუკიდებლად ხილის მირთმევის დროს მიღებულ სარგებელს.
შეჯამებისთვის დავიმახსოვროთ, რომ ორგანიზმისთვის მეტად რეკომენდებული, სასურველი და მისაღებია ხილი მიირთვით ბუნებრივი სახით და ორგანიზმის გაუწყლოვნებისგან თავის ასარიდებლად კი მიირთვით ონკანის წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ე.წ „განტვირთვის“ დღეებში ჩვენი ორგანიზმი ისვენებს ზედმეტი კალორაჟის და მავნე საკვების მონელებისგან'' - რა საკვების მიღება შეიძლება ასეთ დროს?

,,ე.წ „განტვირთვის“ დღეებში ჩვენი ორგანიზმი ისვენებს ზედმეტი კალორაჟის და მავნე საკვების მონელებისგან'' - რა საკვების მიღება შეიძლება ასეთ დროს?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ე.წ „განტვირთვის დღის“ შესახებ მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რას გულისხმობს ე.წ „განტვირთვის დღე“, რომელი პროდუქტებია დაშვებული ასეთ დროს, რა სიხშირით არის უსაფრთხო „განტვირთვის“ დღის გაკეთება და ვისთვის არის აკრძალული? - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.

დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მოსახლოების დიდი ნაწილი ხშირად მიმართავს ე.წ სწრაფი კვების ობიექტებს, სადაც მოგეხსენებათ, საკვები არის მაღალკალორიული, ცხიმიანი, ძნელად მოსანელებელი, შედეგად ჩვენი კუჭნაწლავის სისტემა მუდმივად განიცდის დისკომფორტს. ასეთი საკვების მიღება გარდა გადამუშავების დროს გამოწვეული დისკომფორტისა, ჯერ ჭარბი წონის და შემდეგ უკვე დაავადება სიმსუქნის ჩამოყალიბების წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, ე.წ „განტვირთვის“ დღეებში ჩვენი ორგანიზმი ისვენებს ზედმეტი კალორაჟის და მავნე საკვების მონელებისგან, გადატვირთული საჭმლის მომნელებელი სისტემა მშვიდდება. „განტვირთვის“ დღეები ასევე ეფექტურია დიეტაზე მყოფი ადამიანისთვის, განსაკუთებით მაშინ, როცა დგება ე.წ „პლატოს“ (წონაში კლების შეჩერება) ეფექტი.

ახლა კი განვიხილოთ კონკრეტულად რას გულისხმობს „განტვირთვის“ დღე? - ასეთ დროს ადამიანი იღებს ერთი ან ორი სახის პროდუქტს მთელი დღის განმავლობაში. მონოდიეტით ანუ ერთი სახის პროდუქტით „განტვირთვის“ დღის დაცვა უფრო რთულია, ორგანიზმისთვის უფრო მოსახერხებელი და შედარებით იოლად გასაკეთებელია მთელი დღის განმავლობაში ორი სხვადასხვა სახის პროდუქტის მიღება, რომელიც საკმაო ეფექტურობითაც ხასიათდება. 

მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელია მივიღოთ: 500 მლ კეფირი ან მაწონი, დამატებული 500-700 გრამი ხილის ნაზავი (ვაშლი, ქლიავი, კივი) ან იგივე ოდენობის კიტრი. შესაძლებელია, მივიღოთ მხოლოდ რძის ნაწარმი: დაბალპროცენტიანი ხაჭო დაახლოებით 200-300 გრამი, მაწონი ან კეფირი 500 მლ. კიდევ ერთ-ერთი ვარიანტია: 300-400 გრ. ხორცი და დაახლოებით 1 კგ. კიტრი. ასევე შესაძლებელია ხილის და ბოსტნეულის ნაზავით „განტვირთვის“ დღის გაკეთება და ა.შ. 

ზოგადად, ნებისმიერი პროდუქტისგან შედგენილი „განტვირთვის“ დღე გულისხმობს დღის მანძილზე მისაღები პროდუქტების გადანაწილებას საათობრივად, დღეში 3-4 კვებაზე. ასეთი დღეების დროსაც ძალიან საყურადღებოა წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნება ორგანიზმში, რეკომენდებულია ჩვეულებრივ ონკანის წყალთან ერთად დამატებით 1 ლიტრამდე მინერალური წყლის მიღება. დღის მანძილზე ასევე დაშვებულია უშაქრო ყავა და ჩაი. ე.წ „განტვირთვის“ დღის გაკეთება დასაშვებია 7-10 დღეში ერთხელ, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ზოგადი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს და მისი გაკეთება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შემოწმების გარეშე არასასურველია. 

ე.წ „განტვირთვის“ დღე აკრძალულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის, ორსული და მეძუძური ქალისთვის, ბავშვთა და მოზარდთა ასაკის თაობისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

წაიკითხეთ სრულად