Baby Bag

ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის

ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას „ხილის წვენებსა“ და „კომპოტებზე“.

ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად უფრო და უფრო ხშირი ხდება მოსახლეობის მიერ ე.წ. „ხილის წვენების“ და „კომპოტების“ მირთმევა, რადგან ზაფხულის ცხელი დღეების დროს ორგანიზმის მოთხოვნილება სითხის მიღების მიმართ მომატებულია.

რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ე.წ. „ხილის წვენი“ თუ „კომპოტი“?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ხილი ხასიათდება ისეთი უნიკალური თვისებებით, როგორებიცაა: ანტიოქსიდაცია, იმუნიტეტის გაძლიერება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარეგულირება, ნერვული სისტემის დამშვიდება და სხვა. მათი საშუალებით ხდება ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით შევსება. აქედან გამომდინარე, ზოგადად სასურველია, რომ ხილი მივირთვათ ყოველდღე, უმად. უმჯობესია, თუ რაციონი მდიდარი იქნება სეზონური ხილით.
მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს ე.წ „კომპოტები“ და „ხილის წვენები“. „კომპოტის“ დამზადების დროს ხდება ხილის დუღილი, თან მას ემატება შაქარი. ასეთ დროს ხილი თითქმის კარგავს სასარგებლო თვისებებს, ხოლო დამატებული შაქარი კი არის დამატებითი არასასურველი, არაჯანსაღი კალორია ორგანიზმისთვის. დავიმახსოვროთ: ე.წ. „კომპოტი“ სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება ახლადდაწურულ „ხილის წვენს“ (იგივე „ფრეში“), სადაც არ არის დამატებული არც შაქარი და არც რაიმე სხვა სახის დამამტკობელი, თავისთავად ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა, რადგან ასეთ დროს ხილს არ აქვს დაკარგული მისი სასარგებლო თვისებები, თუმცა ის მაინც ვერ გაუტოლდება დამოუკიდებლად ხილის მირთმევის დროს მიღებულ სარგებელს.
შეჯამებისთვის დავიმახსოვროთ, რომ ორგანიზმისთვის მეტად რეკომენდებული, სასურველი და მისაღებია ხილი მიირთვით ბუნებრივი სახით და ორგანიზმის გაუწყლოვნებისგან თავის ასარიდებლად კი მიირთვით ონკანის წყალი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის, რომ ჩვენ მივიღოთ 4 ლიტრი სითხე და თითქოს ეს პრევენციაა კოვიდის, არ არის მართალი,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

„ის, რომ ჩვენ მივიღოთ 4 ლიტრი სითხე და თითქოს ეს პრევენციაა კოვიდის, არ არის მართალი,“ - პედიატრი ნინო თოთაძე

პედიატრი და ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის წყლის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მიღება პანდემიის დროს განსაკუთრებით სასურველია:

​წყალი უმნიშვნელოვანესია ცხოვრების ნებისმიერი დღის განმავლობაში. მსოფლიოში აღწერილია 21 დღე შიმშილობის, იგივე მაჰათმა განდის მიერ, მაგრამ ადამიანს შეუძლია სიცოცხლე შეინარჩუნოს მაქსიმუმ 3-4 დღე წყლის გარეშე. პანდემიის დროს არის ვირუსული ფონი, პრობლემებია მადასთან, არის გემოს პრობლემები. შესაძლოა, რამდენიმე დღე კვება არ იყოს კარგი, მაგრამ წყლის მიღების გარეშე შეუძლებელია. საუკეთესოა ჩვეულებრივი წყალი, შეიძლება იყოს სხვა სითხეებიც, ჩაი, ყავა, ნატურალური წვენი. ნატურალური წვენი, რომელიც ასე სასარგებლოა, არ არის რეკომენდებული იყოს 150 მილილიტრამდე, რადგან ის წყლის გარდა შეიცავს შაქრის რაოდენობას. ბავშვებში შეიძლება იყოს რძეც, ასაკობრივი ჭრილის მიხედვით დაბალი და მაღალი ცხიმიანობის. წყალი არის ამ შემთხვევაში შეუცვლელი. ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე პირდაპირ არის მითითებული: მიირთვით წყალი პირველ რიგში და შემდეგ უკვე შესაძლებელია სხვა სითხეებიც.“

ნინო თოთაძის თქმით, როდესაც ფიზიკურად ნაკლებად ვიტვირთებით, სითხის მარაგი აუცილებლად უნდა შევივსოთ:

„როდესაც ჩვენ ვსხედვართ და ჩვენი ფიზიკური აქტივობა არის დაბალი, დღის მანძილზე ვკარგავთ გარკვეული რაოდენობის სითხეს. ყველა ორგანო შედგება უჯრედებისგან, რომლებსაც სჭირდება დატენიანება. ამის დატენიანებას ახდენს წყალი. დღე ღამის განმავლობაში 10-დან 100 მილილიტრამდე ლორწოს გამოვყოფთ. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია წყლის მიღება.“

ნინო თოთაძე ასაკობრივი ჯგუფებისთვის რეკომენდებულ წყლის დოზებზე საუბრობს:

„ევროპის სურსათის სააგენტოს სახელმძღვანელოში მოწოდებულია, რომ მიღებული წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, გარემო ფაქტორებზე. ​ერთ კილოგრამ წონაზე წყლის დღიური ნორმა 35 მილილიტრია. ადამიანი წყლის გასინჯვას იწყებს 6 თვის ასაკიდან. 2 წლამდე ის იღებს დაახლოებით 150 მილილიტრამდე წყალს. ამის შემდეგ ოთხ წლამდე მივდივართ 250 მილილიტრით. 4-8 წლამდე ასაკში ნორმა არის დაახლოებით 5 ჭიქა. 9-13 წლის ასაკში ცალ-ცალკე იყოფა გოგონები და ვაჟები. დაახლოებით რომ ვთქვათ, ნორმაა 7 ჭიქა გოგონებისთვის, ხოლო 8 ჭიქა ვაჟებისთვის. ეს არის დაახლოებით 1,5-1,7 მილილიტრი. უკვე 19 წლის მამაკაცებისთვის მაქსიმუმი არის 13 ჭიქამდე, ქალბატონებისთვის კი 10-11 ჭიქა. ლაქტაციის პერიოდში მიღებული წყლის რაოდენობა იმატებს და ნორმა უნდა იყოს გაზრდილი 2 ჭიქით, იგივეა ორსულობის პერიოდშიც. თუ ძლიერი ფიზიკური დატვირთვაა, დღე-ღამის განმავლობაში წყლის დოზა შეიძლება გაიზარდოს 1,5-2,5 ჭიქით.“

„ის, რომ ჩვენ მივიღოთ 4 ლიტრი სითხე და ეს პრევენციაა კოვიდის, არ არის მართალი. წყალსაც აქვს თავისი სწორი მიღების წესი. კარგი იქნებოდა, თუ დღის განმავლობაში მისაღები წყალი გადანაწილდება ყლუპ-ყლუპობით, მცირე დოზის ოდენობით. სჯობს, წყალი მივიღოთ კვებამდე, ან კვებიდან ერთი საათის მერე, ვიდრე კვების პროცესში. ყავასთან ერთად წყლის დალევა რეკომენდებულია და სავსებით ნორმალურია. ​ბავშვებს კვების დროს წყლის მიღებას ვერ ვუშლით, შეიძლება იყოს გადაცდენის მომენტიც. ის ნელ-ნელა უნდა გადაეჩვიოს ამ წესს. ბავშვისთვის გადადუღებული წყლის მიცემა არ არის რეკომენდებული. ის შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, თუ ჯანსაღ წყალზე არ მიგვიწვდება ხელი,“ - აღნიშნავს ნინო თოთაძე

წყარო: ​დილა მშვიდობისა საქართველო

წაიკითხეთ სრულად