როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე და რა დადებით ზეგავლენას ახდენს სრულყოფილი საუზმე ბავშვის განვითარებაზე? ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.
- ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვები სკოლაში საუზმის გარეშე მიდიან. ეს ერთობ აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით მოზარდებში. რა არის ამის მიზეზი?
- მშობლების მოუცლელობა. ყველა სხვადასხვა დროს გადის სახლიდან, დილით ერთად საუზმობის ტრადიცია გაქრა, დაკავებული მშობლები ვერ ასწრებენ შვილებს მოუმზადონ საუზმე. შესაბამისად, ბავშვი მიირთმევს, რაც იმ მომენტისთის არის მისთვის ხელმისაწვდომი, ან საერთოდ მშიერი გადის სახლიდან.
- ეკრანდამოკიდებულების გამო მოზარდები ძალიან გვიან იძინებენ, სხედან კომპიუტერთან, სხვადასხვა სახის თამაშებით არიან გართულნი. როდესაც არ სძინავთ, ბავშვები ხშირად იწყებენ ჭამას. ამ სიტუაციაში კი მიღებული საჭმლის რაოდენობა ხდება შეუმჩნეველი. გვიან ღამით მიღებული საკვები, ძირითადად, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. შედეგი - დილით უმადობა, საუზმეზე უარის თქმა.
- „მარტივი“ გამოსავლის არსებობა: სკოლაში ან მის გარეთ არსებული კვების ობიექტები. ეს შესაძლებელია იყოს გამოსავალი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთ ობიექტებში შეთავაზებულ საკვებს (მაგალითად, ბურგერები, ორცხობილები), მაღალი კალორაჟი და გლიკემიური ინდექსი აქვს, არცთუ ისე სასარგებლო გამოსავალს დავინახავთ, ვინაიდან ეს საბოლოოდ ზედმეტი წონის გავითარების მიზეზი ხდება.
- რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის საუზმე და რაში ეხმარება მათ?
- საუზმე კვების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში ენერგიით ამარაგებს. მას ხშირად „დღის ყველაზე მნიშვნელოვან კერძს“ უწოდებენ. როგორც იცით, საუზმე დღის პირველი კვებაა, რომელსაც გამოღვიძებიდან მალევე ვიღებთ. მთელი ღამის განმავლობაში ორგანიზმი საკვებს ვერ იღებს, ღვიძლში შენახული გლიკოგენი გლუკოზად გარდაიქმნება, შაქრის დონის სტაბილური შენარჩუნებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინისთვის, რომლის ერთადერთ საკვებს გლუკოზა წარმოადგენს. დილით გლიკოგენის მარაგი ცოტაა, ორგანიზმი ცხიმოვანი მჟავების დაშლას იწყებს, მაგრამ ნახშირწყლების გარეშე ისინი მხოლოდ ნაწილობრივ იჟანგება და ეს ორგანიზმში ენერგიის დონეს ამცირებს. ამიტომ ენერგიის შესანარჩუნებლად აუცილებელია პირველი კვება, რომელსაც გამოღვიძებიდან მალე მიიღებთ, ანუ საუზმე. სწორედ საუზმე არის დღის პირველი კონტაქტი იმ ენერგიასთან, რაც ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებისთვის სჭირდება.
- საუზმე ახდენს თუ არა ზეგავლენას სწავლის პროცესის ნაყოფიერად განხორციელებაზე?
- ყოველდღიური საუზმე კვების ჩვევის დროულად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საუზმე ენერგიის წყაროა და ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. ზოგადად, ბავშვების ნერვული სისტემა ლაბილურია და ნებისმიერი ნივთიერების დეფიციტზე სწრაფად რეაგირებს. სისტემატურად საუზმის გარეშე დარჩენა მოქმედებს ბავშვის განწყობაზე და მახსოვრობის უნარზე. ასეთი ბავშვები არიან უფრო აგრესიულები, აქვთ ყურადრების დეფიციტი, ვლინდება ქცევის სხვადასხვაგვარი დარღვევა.
- ზოგადად, როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე, რითი დატვირთონ? (მაგალითად, რა შეიძლება შესთავაზონ მშობლებმა)
- უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სრულყოფილი საუზმე დიდი რაოდენობით საკვების მიღებას (ბავშვის გადაძღომას) არ გულისხმობს. საუზმე უნდა იყოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და სხვა სასარგებლო ინგრედიენტების შემცველი პროდუქტების ისეთი თანაფარდობა, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის ძილის შემდეგ. რეკომენდებულია საუზმეზე დღის საკვები რაციონის 35%-ის მიღება, ამასთანავე, იგი უნდა შეიცავდეს ცილებსა და ვიტამინებზე სადღეღამისო მოთხოვნილების 1/3-ს, ნახშირწყლების 2/3-ს, ცხიმების 1/5-ს. შემადგენლობა 300 გ. მყარი საკვები, 200 მლ. სითხე. საუზმე არ უნდა იყოს ყოველდღიურად ერთნაირი, სასურველია იგი ცვალოთ. ჩვენი საუბარი მშრალი და ზოგადი რომ არ გამოგვივიდეს, შემოგთავაზებთ საუზმის რამდენიმე ვარიანტს, აუცილებელი არ არის ზუსტად ეს შემოთავაზება გაითვალისწინოთ, უბრალო სქემაა, რომელშიც ცვლილებები თქვენი შვილის მოთხოვნილებებით შეგიძლიათ შეიტანოთ.
- ვარიანტი 1 - ხორბლის ფაფა, პური კარაქით და ყველით, ჩაი შაქრით;
- ვარიანტი 2 - რძიანი ფაფა 5 მარცვალი, 2 მოხარშული კვერცხი, კაკაო შაქრით;
- ვარიანტი 3 - შვრიის ფაფა ხილით, ბლითები ხაჭოთი, ხილის წვენი;
- ვარიანტი 4 - მაკარონი ყველით, ორცხობილა, კომპოტი;
- ვარიანტი 5 - მაკარონი ხორცით, მოხარშული კვერცხი, კაკაო;
- ვარიანტი 6 - ომლეტი, ბლითები ხაჭოთი, კაკაო;
- ვარიანტი 7 - პური, კარაქი, მოხარშული ხორცი, მოხარშული კვერცხი, კომპოტი და ა.შ.
ზოგჯერ მოზრდილ ბავშვებს, საუზმის ერთ-ერთ ინგრედიენტად, შეგიძლიათ შესთავაზოთ სოსისი, ძეხვი. ასევე, მნიშვლელოვანია საუზმის გაფორმება, რათა ბავშვისთვის კვების პროცესი უფრო მიმზიდველი იყოს.
და ბოლოს, ძველი ბერძენი ექიმი და მოაზროვნე ჰიპოკრატე ამბობდა „თქვენი საკვები უნდა იყოს წამალი, ხოლო თქვენი წამალი უნდა იყოს საკვები“. რაციონალური კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა შემდგომში არასწორი კვებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებთან არ გვქონდეს საქმე.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად