Baby Bag

„ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა,“ - გიორგი ღოღობერიძე „შავი სოკოს“ შესახებ საუბრობს

„ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა,“ - გიორგი ღოღობერიძე „შავი სოკოს“ შესახებ საუბრობს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ინდოეთში გავრცელებული დაავადების, ე.წ. შავი სოკოს შესახებ ისაუბრა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაასახელა:

„ინდოეთში ბოლო რამდენიმე კვირაა ბევრ ადამიანს დაემართა ე.წ. „შავი სოკო.“ „შავი სოკო“ ეს ძალიან იშვიათი დაავადებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმეც. შემთხვევათა ნახევარში ის მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით. „შავი სოკოს“ გამომწვევი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ეს სოკოები არის ყველგან. უფრო მეტად ის გავრცელებულია ინდოეთში. ​ეს ინფექცია ინდოეთში 80-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქართველოს შემთხვევაში ის არ გვქონია, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ მასზე? ეს არის სოკოვანი დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს უზიანდება თვალბუდეები, ცხვირის ღრუ. შეიძლება მოხდეს ამ ყველაფრის დანეკროზება, კვდომა. შესაძლოა, იყოს სასის პერფორირებაც.“

​გიორგი ღოღობერიძის თქმითშავი სოკო" უფრო მეტად გავრცელდა მას შემდეგ, რაც კოვიდი გაჩნდა:

„ამ სოკოვან დაავადებას ჰქვია მუკომიკოზი. ეს სოკო უფრო მეტად გავრცელდა მას მერე, რაც კოვიდი გაჩნდა. რისკ-ფაქტორები, რომ ადამიანს მუკომიკოზი დაემართოს, შეიძლება იყოს კოვიდ 19, როდესაც ადამიანი გამოჯანმრთელდება კოვიდისგან და გასულია სულ რაღაც რამდენიმე დღე ან კვირა. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს შიდსი, შაქრიანი დიაბეტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ მკურნალობს შაქრიან დიაბეტს. რისკ-ფაქტორი შეიძლება იყოს ლიმფომა, ორგანოების გადანერგვა, სტეროიდების ძალიან ხანგრძლივად გამოყენება, თირკმლის უკმარისობა, ციროზი, სიმსივნეები (უფრო ხშირია ფილტვის მუკომიკოზი), მალნუტრიცია, ტუბერკულოზი, დიდი რაოდენობით რკინის შემცველობა სხეულში, ნეიტროფილების რაოდენობის დავარდნა.“

„ეს ინფექცია იწყება ან პირის ღრუში, ან ცხვირში. ასე აღწევს სოკო ჩვენს ორგანიზმში. თვალბუდეების გავლით ის აღწევს საკუთრივ თავის ტვინს. თავიდან პაციენტს აქვს სახის ცალმხრივი მტკივნეულობა, განსაკუთრებით წიაღების პროექციაზე. შემდეგ სოკოს მიერ გამოწვეული თრომბი სისხლძარღევს ახშობს. ქსოვილები ვეღარ იკვებება, ვერ იღებს სისხლს, კვდება და ნეკროზდება. ქსოვილები შავდება, ამიტომაც ჰქვია ამ ინფექციას შავი სოკო." პაციენტს შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი, ​ძალიან მალე ეზრდება ტემპერატურა. თუ დროული ჩარევა არ მოხდება, შეიძლება სოკომ შეაღწიოს თავის ტვინში და გამოიწვიოს კომა. ინდოეთში ბევრ ადამიანს თვალები ამოუღეს, რომ ხელი შეშლოდა ინფექციის თავის ტვინში გავრცელებას. თუ სოკო აზიანებს ფილტვებს, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში და სისხლიანი ხველა. ეს სოკოვანი ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

​წყარო


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

„თუ ეს ორი ნიშანი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა ვიფიქროთ კოვიდზე,“ - გიორგი ღოღობერიძე
​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გრიპის, გაციებისა და კოვიდის ძირითადი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხველისა და ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გავიკეთოთ კოვიდ-1...

შეიძლება დაინტერესდეთ

შეიძენს თუ არა კორონავირუსი სეზონურ ხასიათს?

შეიძენს თუ არა კორონავირუსი სეზონურ ხასიათს?
გადაგვარჩენს თუ არა გაზაფხული კორონავირუსისგან? - დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში აღნიშნა, რომ სიცხე მსგავსი ტიპის ვირუსებს ანადგურებს. მაღალი ტემპერატურა გრიპსა და პოლიომიელიტს ნამდვილად ამარცხებს, რის გამოც მათ სეზონურ ვირუსებად მოვიხსენიებთ. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ვირუსები ზამთრის ცივ ამინდებში სწრაფად ვრცელდება.

ექსპერტების მტკიცებით, კორონავირუსის შესახებ სიღრმისეული ცოდნის არქონის გამო წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეცდომაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც კორონავირუსის სეზონურობაში დაგვარწმუნებს. გარდა ამისა, ვირუსები ტემპერატურის მატებასთან ერთად არ ქრება. ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ზაფხულში იკლებს, მაგრამ თუ კორონავირუსის საბოლოო დამარცხებას ვერ შევძლებთ, შემოდგომაზე დაინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გაიზრდება.

ფაქტორები, რომლებიც გარკვეულ ვირუსთა სეზონურობას განაპირობებენ საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია. სიცხე ვირუსის გავრცელებაში გარკვეულ როლს ნამდვილად ასრულებს. ვირუსები სიცივეში გაცილებით სწრაფად მრავლდებიან, ისევე როგორც ბაქტერიები - სიცხეში. სწორედ ამიტომ იმატებს ზაფხულში საკვებით მოწამვლის შემთხვევათა რიცხვი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

როგორც აღმოჩნდა, ვირუსების გავრცელების სიხშირეზე ყველაზე დიდ გავლენას ჰაერის ტენიანობა ახდენს. გრიპი ადამიანიდან ადამიანს დაცემინების ან დახველების დროს გადაეცემა. ჰაერში მოხვედრილი დაინფიცირებული ლორწო დაავადების გავრცელების რისკებს ზრდის. ლორწოს სიცოცხლისუნარიანობა კი ჰაერის ტენიანობაზეა დამოკიდებული. თუ ვირუსი ჰაერში ხანგრძლივად ინარჩუნებს სიცოცხლეს, დაინფიცირების ალბათობა ძალიან მაღალია.

ცნობილია, რომ გრიპის ვირუსი მშრალი ჰავის პირობებში უფრო სწრაფად მრავლდება. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ზამთარი გრიპის სეზონად. მიუხედავად ამისა, გრიპის ვირუსები ტროპიკულ რეგიონებშიც ვრცელდება. ექსტრემალურად მაღალი ტენიანობის პირობებში ვირუსები დამცავი გარსით იფარება, რაც მათ აორთქლებისგან იცავს. შესაბამისად, ვირუსის გავრცელება ტენიანი ჰავის პირობებშიც არის შესაძლებელი. აღნიშნული დაკვირვებები გრიპის ვირუსების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მოსაზრება მხოლოდ ვარაუდებს ემყარება. სურდო, რომელიც ძალიან ხშირად გვახსენებს თავს, შესაძლოა, კორონავირუსითაც იყოს გამოწვეული. სურდო, როგორც წესი, სეზონურობით არ ხასიათდება და გრიპთან შედარებით არაპროგნოზირებადი გავრცელება ახასიათებს. შესაბამისად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სეზონური ცვალებადობის იმედად ყოფნა არაფერს გვარგებს.

მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის გამომწვევი ვირუსი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, მედიკოსების ძალისხმევით დამარცხდა. როგორც აღმოჩნდა, მას სეზონური მიმდინარეობა არ ახასიათებდა. მედიკოსები გვარწმუნებენ, რომ მწვავე რესპირატორული სინდრომის დამარცხება ძლიერი სამედიცინო ინტერვენციებისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმების გამოყენებით მოხერხდა. სუსტი მობილიზაციის შემთხვევაში კი SARS-ისგან თავის დაღწევას ვერ შევძლებდით.

ვირუსებს პანდემიის (სხვადასხვა რეგიონში ფართო გავრცელების) ან ენდემიის (ლოკალორ პოპულაციებში ცირკულაციის) გამოწვევა შეუძლია. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაინციფირებულთა სწრაფი გამოვლენა, მათი იზოლაცია და ახალი შემთხვევების აღკვეთაზე ზრუნვა აუცილებელია. კონტროლის სათანადო მექანიზმების გარეშე ვირუსის განმეორების ალბათობა იზრდება. გრიპი ყოველ ზაფხულს ნამდვილად არ ქრება. ის შესაბამისი გარემო პირობების არსებობის შემთხვევაში კვლავ იფეთქებს. მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის დამარცხებას, ადამიანების უდიდესი ძალისხმევის გარდა, ვირუსის გავრცელების გარვეული თავისებურებების გამოვლენამაც შეუწყო ხელი. აღნიშნული ვირუსი გადამდები მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ იყო.

COVID-19-ის გავრცელება სიმპტომების გამოვლენამდეც არის შესაძლებელი. პატინტების დიდ ნაწილში ახალ ვირუსს უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს, რის გამოც ინფიცირებულთა იდენტიფიცირება საკმაოდ რთულდება. აღნიშნული მიზეზების გამო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან უჭირთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ კორონავირუსის გაკონტროლებას და დამარცხებას მალე შევძლებთ.

მომზადებულია ​fivethirtyeight.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად